საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ახალი საგამოცდო მოდელის 8+1 პრეზენტაცია გაიმართა.
როგორც „ნიუსპრესს“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან აცნობეს, ახალი ერთიანი საგამოცდო პროგრამა ატესტატის მიმღებთა და აბიტურიენტთა ერთდროულად ორ დონეს ფარავს.
გამოცდების სისტემაში მთავარი სიახლეებია - დამამთავრებელი კლასის მოსწავლე ვალდებულია 8 საგანში ჩააბაროს გამოცდა; სააბიტურიენტო კონკურსში მისაღებად მოსწავლე სურვილისამებრ ირჩევს პროგრამებს და დამატებით აბარებს ზოგადი უნარების გამოცდას; გამოცდები კომპიუტერით ჩატარდება; ქართულისა და უცხო ენის წერითი დავალებები ფურცელზე შესრულდება; უცხოური ენების საგამოცდო ფორმატს მოსმენის (Listening)-ის კომპონენტი დაემატება; ერთიანი ეროვნული გამოცდები სკოლებში სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ დაიწყება; სექტემბრის ბოლოს საგამოცდო პროგრამები გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსდება; ოქტომბრის ბოლოს უნივერსიტეტებისა და აკადემიური პროგრამების შესახებ ცნობარი გამოიცემა; მეორე სემესტრიდან სკოლებში აბიტურის საათებს საგანი “საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები” დაემატება და მოსწავლეები ახალი ტესტის ფორმატზე კომპიუტერებთან ივარჯიშებენ; რეგისტრაციას მოსწავლეები სკოლებში მარტის დასაწყისიდან ერთი თვის ვადაში გაივლიან; ასევე, აბიტურიენტები რეგისტრაციას თავად გაივლიან და 20 სასურველი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა ექნებათ.
განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოცდებთან დაკავშირებულ დეტალებზე მუშაობა გრძელდება, ხოლო სამინისტროსა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები რეგულარულად შეხვდებიან მოსწავლეებს, მათ პედაგოგებს და პირადად გააცნობენ გამოცდების ახალ მოდელს. სრული და ყველა აუცილებელი ინფორმაცია კი, გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე და Facebook-ზე განთავსდება.

















