ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი ზურაბ ხარატიშვილი აცხადებს, რომ ცესკო-ს მიზანია ერთი მხრივ, საარჩევნო პროცესი იყოს გამჭვირვალე,
მეორე მხრივ კი - უზრუნველყოს ამომრჩეველთა თავისუფალი ნების გამოვლენა საარჩევნო უბანზე და პირველმა მეორეს ხელი არ უნდა შუშალოს.
ამის შესახებ ხარატიშვილმა დღეს ჟურნალისტებს მედიაწარმომადგენლებთან შეხვედრის დაწყებამდე ცესკო-ს იმ დადგენილების კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმად, საარჩევნო უბანზე მედია და სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის ფოტო და ვიდეოგადაღება იზღუდება.
ხარატიშვილის განმარტებით, ცესკო-ს მიზანია შექმნას რეგულაციები, რათა ამომრჩეველმა გადაღების პროცესი ზეწოლად არ ჩათვალოს, არ მიიღოს არასწორი გადაწყვეტილება და უარი არ თქვას არჩევნებში მონაწილეობაზე.
ამასთან, ცესკო-ს თავმჯდომარე განმარტავს, რომ აღნიშნული დადგენილება საარჩევნო კოდექსს არ ეწინააღმდეგება, ვინაიდან ის ფოტო და ვიდეო გადაღების აკრძალვას არ გულისხმობს.
„ფოტო-ვიდეო გადაღება ისე უნდა მოხდეს უბანზე, რომ ამან ამომრჩევლებზე ზეწოლის სახე არ მიიღოს“- განაცხადა ხარატიშვილმა.
მისივე განმარტებით, აღნიშნულ საკითხზე კომისიის წევრებს შორის აზრთა სხვადასახვაობაა. მან იმედი გამოთქვა, რომ გარკვეული კონსენსუსი მიღწეული იქნება.
დადგენილების პროექტს ცესკო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ამ წუთებში განიხილავს.

















