პროექტის „ევროკავშირის წყლის ინიციატივა პლიუსი აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებისათვის (EUWI+)“ ფარგლებში, მოეწყო და თანამედროვე დანადგარებით
აღიჭურვა ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების სადამკვირვებლო სადგურები, რომლებიც ძირითადი რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებელი პარამეტრების (წყლის დონე, დებიტი, ტემპერატურა, წყალში გახსნილი მყარი ნაწილაკები, ელექტროგამტარობა, წყალბად-იონთა კონცენტრაცია) შესახებ უწყვეტ მონიტორინგს და მონაცემთა ავტომატურ რეჟიმში მოწოდების საშუალებას იძლევა. მიღებული მონაცემების საფუძველზე, შესაძლებელია ზედაპირული და მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლების მაჩვენებლების დროში ცვალებადობის გამოვლენა-დადგენა, რაც ითვალისწინებს ჰიდროლოგიური და ჰიდროგეოლოგიური მოკლე ან გრძელვადიანი პროგნოზების შედგენას.
„ევროკავშირი აგრძელებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერას წყლის რესურსების მართვის რეფორმის განხორციელების პროცესში. ევროკავშირის პროექტის ფარგლებში, გარემოს ეროვნულ სააგენტოს მონიტორინგის სადგურები გადაეცა, რომლებიც მიწისქვეშა წყლების დაკვირვების სისტემის სრულყოფას ემსახურება. რეფორმის განხორციელების პროცესი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იმისათვის, რომ საქართველომ შეძლოს რაციონალურად და მდგრადად აითვისოს როგორც ზედაპირული, ასევე მიწისქვეშა წყლები”, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ ზედაპირული და მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლების მონიტორინგის ქსელის გაუმჯობესება ხელს შეუწყობს წყლის რესურსების ეფექტურად მართვის უზრუნველყოფას.
საქართველოში, ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივის მოთხოვნათა შესაბამისად, წყლის სექტორის მნიშვნელოვანი რეფორმა ხორციელდება, რომელიც უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისა და წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის პრინციპების დანერგვისთვის.
პროექტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD), გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) და ევროკავშირის წევრი ქვეყნების კონსორციუმის მიერ ხორციელდება, რომელიც შედგება ავსტრიის გარემოს სააგენტოს (Umweltbundesamt) და საფრანგეთის წყლის საერთაშორისო ოფისისგან (International Office of Water / Office International de l’Eau).