„ახალგაზრდული მედიაკავშირის" ორგანიზებით, პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი
სტიქიაა" ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, თავდაცვის სამინისტროს თანადგომით და კომპანია "აჭარაბეთისა" და „სოკარის" მხარდაერით, „ლისი ლეიკ დეველოპმენტ"-ის ტერიტორიაზე, შშშ პირთა უფლებების დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს 100–ზე მეტმა, სხვადასხვა კატეგორიის მქონე შშმ პირებმა_ პარასპორტსმენებმა, სამშვიდობო მისიებში დაჭრილ-დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა და ომის ვეტერანებმა. გაიმართა სპორტული აქტივობები, კერძოდ, ველორბოლა ლისის ტბის გარშემო, როგორც ჩვეულებრივი, ისე ხელით სამართავი პარაველოსიპედებით და შემდეგ კონცერტი, რომელში მონაწილეობა შშმ პირებმაც მიიღეს.
შშმ პირთა უფლებების დაცვის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე დაესწრო: "დღეს, საქართველოში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება. იმ ადამიანთა უფლებების დაცვის დღე, რომლებიც ჩვენი ორგანული ნაწილნი არიან და რომელთა თანადგომა, მხარდაჭერა თითოეული ჩვენგანის მორალური, ადამიანური ვალდებულებაა. მე წარმოვადგენ იმ უწყებას, რომლის ბენეფიციართა შორისაც, არც თუ ცოტანი არიან ადამიანები, რომელთაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში მიიღეს ფიზიკური ტრავმები, თუმცა, ბევრი მათგანი, თავისი სულიერი გაუტეხელობით, დღესაც გვაძლევს სიმხნევის, სიმამაცის მაგალითს; ჩვენ, ყველამ გაცილებით მეტი უნდა გავაკეთოთ, ყველამ ერთად უნდა დავამსხვრიოთ საზოგადოების გარკვეულ ნაწილში ჯერ კიდევ არსებული სტიგმა შშმ პირთა მიმართ და კიდევ ერთხელ დავუმტკიცოთ მათაც და ერთმანეთსაც, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს!"- განაცხადა კობა კობალაძემ.
14 ივნისი, საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღედ, საქართველოს პარლამენტის მიერ, 2000 წელს გამოცხადდა.