ეს ღამე იქცა ჩვენი მოქალაქეების, გასაოცარი სამოქალაქო პასუხისმგებლობის გრძნობით სავსე
ადამიანების ერთობის სიმბოლოდ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, 13 ივნისის სტიქიის შესახებ აცხადებს.
საქართველოს მთავრობის სოციალურ ქსელ „ფეისბუქის" გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში, მთავრობის მეთაური მადლობას უხდის ყველას, ვინც იმ მძიმე ღამეს თუნდაც მცირედით მაინც დაეხმარა თავის თანამოქალაქეს, ასევე მადლობას უხდის იმ ახალგაზრდებს, ვინც სოლიდარობისა და ერთმანეთის გვერდში დგომის საუკეთესო მაგალითები გვაჩვენეს.
„2015 წლის 13 ივნისი ჩვენი ქვეყნისთვის ტრაგიკული დღეა. უმძიმესი განსაცდელი დაგვიდგა - სტიქიური უბედურების ზონად ქცეული დედაქალაქი და არაერთი შეწირული სიცოცხლე. პატივს მივაგებ ყველა დაღუპულის ხსოვნას.
ეს ღამე იქცა ჩვენი მოქალაქეების, გასაოცარი სამოქალაქო პასუხისმგებლობის გრძნობით სავსე ადამიანების ერთობის სიმბოლოდ.
სტიქიას ვებრძოდით ყველა ერთად, ერთიანი ძალებით. არაერთი გმირობის და თავგანწირვის მაგალითი ვნახეთ, რამაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.
მადლობა ყველას, ვინც იმ მძიმე ღამეს თუნდაც მცირედით მაინც დაეხმარა თავის თანამოქალაქეს, მადლობა იმ ახალგაზრდებს, ვინც სოლიდარობისა და ერთმანეთის გვერდში დგომის საუკეთესო მაგალითები გვაჩვენეს", - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.