საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის დღეს ვიდეო და ფოტოგადაღების აკრძალვის გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში,
ვერცერთი სადამკვირვებლო ორგანიზაცია საარჩევნო დარღვევების შესახებ მტკიცებულებების შეგროვებას ვერ შეძლებს.
ამის შესახებ ჟურნალისტებს საია-ს ხელმძღვანელმა თამარ ჩუგოშვილმა ცესკო-ს წარმომადგენლებთან შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა. შეხვედრა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ცესკო-სა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის ამ წუთებში სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ მიმდინარეობს.
„თუ გადაწყდება, რომ კომისიის თავმჯდომარემ უნდა გადაწყვიტოს მიეცეს თუ არა მედიას ან სადამკვირვებლო ორგანიზაციას გადაღების უფლება, შემდეგ უბანზე ყველას უნდა ჰკითხოს ამას ეთანხმებიან თუ არა, ამასთან, გადაღება მხოლოდ ხუთი წუთის განმავლობაში სამი მეტრის მანძილიდან იქნება შესაძლებელი, ეს ნიშნავს არა რეგულაციას, არამედ აკრძალვას, რომლის შედეგად, მედია და სადამკვირვებლო ორგანიზაცია ვერავითარ ფოტო და ვიდეო კამერას ვერ გამოიყენებს“ - განაცხადა ჩუგოშვილმა.
მისივე თქმით, აღნიშნული რეგულაციების მიღება საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობისთვის სერიოზული დარტყმა იქნება.
საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რომ საარჩევნო კოდექსში პირდაპირაა აღნიშნული, რომ კენჭისყრის დროს უბანზე ფოტო და ვიდეოგადაღება ნებადართულია, ცესკო კი, დაგეგმილი რეგულაციის მიღებით აღნიშნულ მუხლს პრაქტიკულად ბლოკავს.
„არავის აქვს უფლება, ისეთი მნიშვნელოვანი პროცესი როგორიცაა კენჭისყრა, სრულიად დახუროს მედიისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის“ - განაცხადა მან.
ცესკო-ს ახალი რეგულაციით, რომელიც ჯერ საბოლოოდ არ არის მიღებული, საარჩევნო უბანზე ფოტო და ვიდეოგადაღება იკრძალება, გადაღება მხოლოდ კომისიის თავმჯდომარის თანხმობით იქნება შესაძლებელი.

















