ალგეთის ეროვნული პარკი, 7 ივნისიდან 21 ივნისის ჩათვლით, კორეის ეროვნული პარკების
ფოტოგამოფენას მასპინძლობს. პარალელურად, კორეაში, ქ. ვონჯუში საქართველოს ეროვნული პარკების ფოტოები გამოიფინა. გამოფენის გახსნის ცერემონია ორივე ქვეყანაში ერთდროულად გაიმართა.
ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ნინო თანდილაშვილი და იური ნოზაძე, საქართველოში კორეის რესპუბლიკის საელჩოს თბილისის ოფისის ხელმძღვანელი, საქმეთა დროებითი რწმუნებული დაესუ ჩანგი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიების ფარგლებში, მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გამოფენის მთავარ ვიდეოეკრანზე, პირდაპირ ეთერში ეხილათ კორეაში, ქ.ვონჯუში, საქართველოს ეროვნული პარკების ფოტოგამოფენის გახსნა.
„დღეს საფუძველი ჩაეყარა საქართველოსა და კორეის ეროვნულ პარკებს შორის თანამშრომლობას. ალგეთის ეროვნულ პარკში ჩვენ ვმასპინძლობთ კორეის ეროვნული პარკების ფოტოგამოფენას. ამასთანავე, კორეის ეროვნული პარკებისგან დაცული ტერიტორიების სააგენტოს 20-ვე ადმინისტრაციის რეინჯერებს საჩუქრად გადმოეცა 200 რაცია, რაც ჩვენ რეინჯერებს პატრულირებისა და კანონაღსრულების პროცესში დაეხმარება. ეს არის დასაწყისი იმ ძალიან მჭიდრო და მნიშვნელოვანი თანამშრომლობის, რომელიც საქართველოს და კორეის ეროვნულ პარკებს შორის არის დაგეგმილი. ვმუშაობთ ამ მიმართულებით თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებაზეც“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა.
საქართველოს დაცული ტერიტორიების გასავითარებლად, ასევე, ქვეყნის ტურისტული პოტენციალის შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და დაცული ტერიტორიების სააგენტო მუდმივად იძიებს ახალ და აღრმავებს საერთაშორისო პარტნიორებთან არსებულ ურთიერთობებს.
ალგეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრის ეზოში, 2 კვირის განმავლობაში, წარმოდგენილი იქნება კორეის ულამაზესი ეროვნული პარკების ამსახველი ფოტოები, შესაბამისი აღწერით.
დღეისათვის, კორეაში სხვადასხვა კატეგორიის 22 ეროვნული პარკია: 17 სამთო, 4 სანაპირო და საზღვაო, 1 ისტორიულ-კულტურული. კორეის ეროვნული პარკების მთლიანი ფართობი 6 726 კვ.კმ-ს შეადგენს, რაც კორეის მთლიანი ტერიტორიის (100, 295 კვ.კმ) 6.7%-ია.