სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხარდაჭერით, N5 (ქალთა) დაწესებულებაში დღეიდან პროფესიული
მომზადების პროექტი დაიწყო. პროექტის ფარგლებში ქალი მსჯავრდებულები ფიტნეს ინსტრუქტორის პროფესიას დაეუფლებიან.
საგანმანათლებლო პროექტში ჩაერთვებიან ფიტნეს აკადემიის წამყვანი სპეციალისტები. კურსი 6 თვეში დასრულდება და მასში მონაწილე 17 ქალ მსჯავრდებულს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცემა.
მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია სპეციალური პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით არაერთ პროგრამას ახორციელებს.
სწორედ აღნიშნული პროგრამის საშუალებით ქალ მსჯავრდებულებს შესაძლებლობა ეძლევათ პროფესიონალ ფიტნეს ინსტრუქტორებად ჩამოყალიბდნენ, რაც სამომავლოდ მათი დასაქმებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის შესაძლებლობა გახდება.