თბილისის იუსტიციის სახლი მომხმარებლებს დღეიდან მოემსახურება.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ყველაზე ინოვაციური სერვისები, რომელსაც თბილისის იუსტიციის სახლი მოქალაქეებს შესთავაზებს Just Drive და Just Cafe-ეა.
Just Drive-ის საშუალებით მომხმარებელს პასპორტის, დაბადების მოწმობისა და სხვა დოკუმენტების გატანა შენობაში შეუსვლელად და ავტომობილიდან გადაუსვლელად, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, Just Drive-ს ფანჯარასთან შეეძლება.
კიდევ ერთი სიახლე იუსტიციის სახლის ტერიტორიაზე მდებარე კაფის ორმაგი მომსახურებაა, სადაც მომხმარებელს, ფინჯანი ყავის მირთმევის პარალელურად, შეეძლება ნებისმიერი განაცხადის შევსება ოპერატორის დახმარებით და რამდენიმე წუთში ის უკვე მზა დოკუმენტს მიიღებს.
თბილისის იუსტიციის სახლში ასევე განთავსდება სახელმწიფო სერვისების განვითარებისა და საჯარო რეესტრის ბექ-ოფისები და სხვა.
როგორც იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური იწუყება, მოქალაქეთა უწყვეტი მომსახურების უზრუნველსაყოფად იმუშავებს, როგორც იუსტიციის სახლი, ასევე საჯარო რეესტრის აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ოფისი და სამოქალაქო რეესტრის სამსახურები - გლდანში, ცოტნე დადიანის გამზირსა და ძველ თბილისში, ტაბიძის ქუჩაზე მდებარე ფილიალები.
იმ მოქალაქეებს, რომლებსაც განაცხადები ჩაბარებული აქვთ გლდანის და ძველი თბილისის სამოქალაქო რეესტრის ოფისებში, ამ სამსახურებს უნდა მიაკითხონ. დამატებითი ინფორმაციისთვის მოქალაქეებმა უნდა დარეკონ - 2 405 405.
თბილისის იუსტიციის სახლი 300-ზე მეტ სერვისს აერთიანებს. მოქალაქეებს ერთდროულად 400 ოპერატორი მოემსახურება. მისი საერთო ფართობი 32 ათასი კვადრატული მეტრია.

















