კომპანია „ცენტრ-პოინტის“ მიერ დაზარალებულები დღეს მთავრობის კანცელარიის წინ საპროტესტო აქციას გამართავენ.
როგორც „ნიუსპრესს“ არასამთავრობო ორგანიზაცია „დაზარალებულ მენაშენეთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა ია ღონღაძემ განუცხადა, აქციის მონაწილეები თავის კუთვნილი ბინების მიღებას მოითხოვენ და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს გააპროტესტებენ.
მისი თქმით, კომპანიის მიერ დაზარალებულები, ისევე, როგორც პატიმრები, არსებული რეჟიმის მსხვერპლნი არიან.
„ვფიქრობთ, რომ ჩვენი პრობლემაც ისეთივე გლობალურია, როგორც პატიმრების მიმართ ჩადენილი დანაშაული. ჩვენც არსებული რეჟიმის მსხვერპლნი ვართ. აქციით პატიმართა და მათი ოჯახების მიმართ სოლიდარობას გამოვხატავთ“ - განაცხადა ია ღონღაძემ.
მისივე თქმით, აქციის მონაწილეებმა შესაძლოა, კანცელარიიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლონ და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები გააპროტესტონ.
„ცენტრ პოინტმა“ 2003-2010 წლებში 6 200 ოჯახი დააზარალა, რომელთა მდგომარეობა უცვლელია.
2010 წელს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, კომპანია „დექსუსმა“ „ცენტრ პოინტის“ ვალდებულებები 3 წლის ვადაში უნდა შეასრულოს.

















