"ქართულ გალობას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა,
ეს აღიარება ხელს შეუწყობს მის დაცვას, სწავლებასა და განვითარებას" -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ "Facebook"-ში წერს.
მთავრობის მეთაური აღნიშნულ მიღწევას ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის თითოეულ თანამშრომელს და მთელ საზოგადოებას ულოცავს.
"ქართულ ტრადიციულ საეკლესიო მუსიკას - ქართულ გალობას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა!
პოლიფონიური ქართული გალობა ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობის ერთ-ერთი უმთავრესი სიმბოლო და, ამავდროულად, კაცობრიობის უდიდესი კულტურული მონაპოვარია. ეს დიდი აღიარება ხელს შეუწყობს მის დაცვას, სწავლებასა და განვითარებას, ქართული თუ საერთაშორისო საზოგადოების, მათ შორის, ახალგაზრდების მეტ დაინტერსებას, ქართული კულტურული მემკვიდრეობის ფართო პოპულარიზაციას.
ეს მიღწევა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივითა და ძალისხმევით გახდა შესაძლებელი. ვულოცავ ცენტრის თითოეულ თანამშრომელს და მათთან ერთად, მთელ ჩვენ საზოგადოებას",-წერს ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში.