კომუნიკაციების კომისიამ 2020 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც გასულ წელს განხორციელებულ პროექტებთან
ერთად, 2021 წლის გამოწვევებსა და გეგმებზეა საუბარი.
კომისიის 2020 წლის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ COVID 19 პანდემიით გამოწვეული რეალობიდან გამომდინარე, 2020 წელს სატელეკომუნიკაციო სფერომ კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა. პანდემიის პირობებში, როდესაც თითქმის ყველა სერვისი ონლაინ რეჟიმზე გადავიდა, ამ გამოწვევას ქართულმა სატელეკომუნიკაციო სექტორმა წარმატებით უპასუხა, რაც არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ იქნა აღიარებული.
2020 წლის ანგარიშში საუბარია ინტერნეტის ხარისხის კონტროლის ონლაინ პლატფორმაზე www.sheamotsme.ge, რომელიც პანდემიის დროს კიდევ უფრო აქტუალური გახდა. მომხმარებელს ჰქონდა შესაძლებლობა 24 საათიან რეჟიმში შეემოწმებინა ინტერნეტის სიჩქარე და ხარისხი, ხარვეზის დაფიქსირების შემთხვევაში კი მომხმარებლების პრობლემებს კომისია ოპერატიულად აგვარებდა. ამ მიმართულებით საქართველო საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, პანდემიის დროს ინტერნეტ-თავისუფლების მაჩვენებლების გაუმჯობესების საუკეთესო მაგალითად იქნა აღიარებული.
ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ტელეკომ სფეროს კიდევ უფრო განვითარების საჭიროება პანდემიის დროს ყველასთვის ძალიან ნათელი გახდა. ამ მიმართულებით კომუნიკაციების კომისიამ 2020 წელს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღო. მათ შორისაა 5G ტექნოლოგიის დასანერგად საჭირო გადაწყვეტილებები, რომელზე მუშაობაც 2021 წელსაც გაგრძელდება და 5G-ის დასანერგად უკვე აუქციონი გამოცხადდება.
ანგარიშში ვრცლად არის წარმოდგენილი მობილური ვირტუალური ოპერატორის თავისუფალი დაშვების მნიშვნელობის შესახებ ინფორმაცია. 2020 წლის ანგარიშში ასევე შესულია ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში ცვლილებები. გარდა ამისა 2020 წლის ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია „კავკასუს ონლაინის" წილების უკანონო გასხვისებაზე, სადაც ამ მიმართულებით კომუნიკაციების კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებია წარმოდგენილი.
კომუნიკაციების კომისიის 2020 წლის ანგარიშში ვრცლად არის საუბარი თავისუფალ მედიაგარემოზე და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე. 2020 წელს საქართველოში პრესის თავისუფლების ინდექსი კიდევ უფრო გაიზარდა და ქვეყანა სიტყვის თავისუფლების კუთხით წამყვან პოზიციას იკავებდა. საქართველოს მიერ აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებისა და საინფორმაციო საზოგადოების სფეროებში მიღწეული შედეგები წარმატებულად შეფასდა ევროკავშირის მიერ, რომელმაც ასოცირების შეთანხმების ფარგლებში საქართველოს მიღწევები ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით, პოზიტიურ წინსვლად მიიჩნია. საერთაშორისო აღიარება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, თუ რაოდენ პლურალისტური, მრავალფეროვანი და თავისუფალი მედიაგარემოა საქართველოში. ამის მიუხედავად, მედიასივრცე გაჯერებულია ნაკლებად პროფესიული, დაბალი სტანდარტის, ყალბი ახალი ამბებით, სიძულვილის ენით, შეურაცხყოფებით და უხამსობით, რაც საარჩევნო კამპანიის დროს კომუნიკაციების კომისიის მიერ ჩატარებული მედიამონიტორინგის შედეგებით დადასტურდა. აღნიშნული 2021 წელს ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.
კომისიის ანგარიშში 2020 წელს მაუწყებლების მიერ კომერციული რეკლამიდან მიღებულ შემოსავლებზეა საუბარი. პანდემიის პირობებში, მაუწყებლებმა 2019 წელთან შედარებით მხოლოდ კომერციული რეკლამიდან 9%-ით ნაკლები შემოსავალი მიიღეს, საიდანაც დიდი ნაწილი ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის სარეკლამო შემოსავლების კლებამ განაპირობა. ამ მიმართულებით კომისიის მიერ წლის დასაწყისში გაკეთებული პროგნოზი გამართლდა და მაუწყებლებმა პოლიტიკური რეკლამის ხარჯზე ჯამურად 11%-იანი ზრდა აჩვენეს.
კომუნიკაციების კომისიის 2020 წლის ანგარიშში ფართოდაა გაშლილი მედიაწიგნიერების მიმართულებით განხორციელებული პროექტები. 2020 წელს კომისიის მედიაწიგნიერების პროექტებში მოსწავლეების გარდა, სტუდენტებიც ჩაერთნენ. კოვიდ პანდემიის გამოწვევას მედიასკოლამაც წარმატებით უპასუხა და როგორც მოქმედი, ისე დამწყები ჟურნალისტებისთვის უნიკალური პროექტი - ონლაინ მასტერკლასი დაიწყო. სალექციო ონლაინ კურსი ჟურნალისტიკით დაინტერესებულ პირებს აძლევს შესაძლებლობას გაეცნონ და მიიღონ ცოდნა, თუ როგორ მზადდება და იქმნება მაღალი ხარისხის მედიაპროდუქტი. 2020 წელს ერთი წლის გახდა მედიაკრიტიკა, რომელიც საზოგადოებას მედიაპროდუქტების კვალიფიციურ კრიტიკას სთავაზობს. www.Mediacritic.ge -ის მასალებს მილიონზე მეტი ადამიანი გაეცნო. 2020 წელს აქტიურად დაიწყო ფუნქციონირება მედიააკადემიის მედიალაბმაც, რომელიც ხელს უწყობს ციფრულ მედიაში საინტერესო პროექტების და სტარტაპების განვითარებას.
ანგარიშში 2020 წლის განმავლობაში საერთაშორისო მიმართულებით გაწეული სამუშაოები და მიღწევებია ასახული.
კომუნიკაციების კომისიის 2020 წლის ანგარიში იხილეთ სრულად.