გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი მეჩაიე ფერმერებსა და ჩაის
გადამმუშავებელი საწარმოების ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრა გაიმართა გურიაში, სოფელ ანასეულში, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ჩაის სუბტროპიკული კულტურების და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტში, რომელსაც დაარსებიდან 90 წელი შეუსრულდა.
„ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო საუბარი მეწარმეებთან და ასოციაციის წევრებთან, სადაც ყურადღება დარგის პერსპექტივაზე გავამახვილეთ. საქართველოში ჩაის კულტურას თითქმის 200 წლიანი ისტორია აქვს, თუმცა, ბოლო წლებში, ახალ კონკურენტულ გარემოში, ეს მრეწველობა მნიშვნელოვნად დაზარალდა. კერძო სექტორისა და სახელმწიფოს მხრიდან თანადგომით, ჩაი შეიძლება გახდეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქცია მზარდი საექსპორტო დინამიკის პირობებში, რომელიც აგროსასურსათო მიმართულებით გვაქვს; თუმცა, ამას თანმიმდევრული და გრძელვადიანი მუშაობა სჭირდება. ამ კუთხით ჩვენ პოლიტიკაშიც გვექნება მნიშვნელოვანი ცვლილებები; პირობა მივეცით დარგის წარმომადგენლებს და სამინისტროში უკვე დამუშავებულია ტექნიკური რეგლამენტის პროექტი, რომელსაც, შეჯერების შემთხვევაში, მთავრობა დაამტკიცებს. რეგლამენტი მოაწესრიგებს ჩაის და ჩაისგან დამზადებული პროდუქციის რეალიზაციის წესებს, რათა სამართლიანი კონკურენტული გარემო შეიქმნას", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა, ლევან უჯმაჯურიძემ ჩაის კულტურის აღდგენა-რეაბილიტაციის საქმეში ცენტრის მიერ ახალი ლაბორატორიის მოწყობის შესახებ ისაუბრა, რომელიც ფერმერებს დაეხმარება ჩაისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაავადებებისა და მავნებლების გამოვლენასა და მათ წინააღმდეგ ბრძოლაში.
შეხვედრაზე, ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის „ქართული ჩაი“ მენეჯერმა, ლევან უროტაძემ, დეტალურად ისაუბრა პროგრამაში შესული იმ ცვლილებების შესახებ, რომლითაც სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო დაფინანსების ოდენობები გაიზარდა. დღეისათვის, პროგრამის ფარგლებში, 1,547 ჰა გაველურებული ჩაის პლანტაციაა რეაბილიტირებული.
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ჯუმბერ მარუაშვილმა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (FAO) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) სპეციალისტების მიერ მომზადებული კვლევა „ჩაის სექტორის მიმოხილვა საქართველოში“ გააცნო.
შეხვედრას გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი სახოკია, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ხატია წილოსანი და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი ესწრებოდნენ.