სახელმწიფო უწყებებსა და საქართველოში წარმოდგენილ განვითარების პარტნიორებს შორის,
ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების თემაზე საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრა, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ონლაინ-ფორმატში შედგა.
შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ილია დარჩიაშვილმა გახსნა, რომელმაც ხაზი გაუსვა ქვეყნისთვის ბუნებრივი რესურსების მიმართულების მნიშვნელობას. სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ - მაია ბითაძემ, გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში საბინე მახლმა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა - ჰუბერტ ქნირშმა.
შეხვედრაზე სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა განვითარების პარტნიორებს გააცნეს სექტორული პრიორიტეტები, მიღწევები და საჭიროებები, ხოლო, საერთაშორისო პარტნიორებმა მზადყოფნა გამოთქვეს შემდგომ თანამშრომლობაზე.
შეხვედრაზე განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა გარემოსდაცვითი პოლიტიკა, კლიმატის ცვლილება და ბიომრავალფეროვნება, სატყეო და დაცული ტერიტორიები; წყალმომარაგება, სანიტარია და ნარჩენების მართვა; ასევე ენერგიის მდგრადი გამოყენება, განახლებადი ენერგია და ენერგოეფექტურობა.
თემატური საკოორდინაციო ჯგუფების შეხვედრები, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დონორების კოორდინაციის სამმართველოს ორგანიზებით, წელიწადში ერთხელ იმართება და მიზნად ისახავს მთავრობისთვის პრიორიტეტულ მიმართულებებზე სტრატეგიული დიალოგის წარმოებას განვითარების პარტნიორებსა და სახელმწიფო უწყებებს შორის.