მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენების დღეს, „აფხაზეთობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისის
ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის ეპარქიის მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა წირვა-ლოცვა აღავლინა.
ეკლესიის ეზოში აფხაზეთის ისტორიული ტრადიციების სახლი გაიხსნა, სადაც ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ფოტოგამოფენა - „ხელნაწერები საუბრობენ დაფარულზე“, ქართულ-აფხაზური უნიკალური ურთიერთობები, უძველეს ხელნაწერებში დაცული ცნობები აფხაზეთზე და იქ არსებული კულტურულ-ისტორიული ძეგლების მდგომარეობა დღეს. გამოფენაზე, ასევე, წარმოდგენილი იყო ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული უნიკალური ხელნაწერის - ფოტორეპროდუქცია ჯორჯ ბაირონის პოეზია გადაწერილი ილორში, მოეწყო კალიგრაფ ლეილა ბაღბაიას გამოფენა - მასტერკლასი. ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ აფხაზეთის საზოგადოების გამოჩენილი წარმომადგენლები გურამ ოდიშარია, ვლადიმერ ბარქაია და რეზო სულუხია.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე, აფხაზეთის მთავრობის წევრები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, სასულიერო პირები და დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა კონცერტი აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „აფხაზეთის“, ბავშვთა ანსამბლ „გუმბათის“ და ანსამბლ „მუხამბაზის“ მონაწილეობით, მოეწყო აფხაზური სამზარეულოს დეგუსტაცია.
ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის სულიერების ცენტრის მხარდაჭერით და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებით გაიმართა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით 23 მაისი, სვიმონ კანანელის ხსენების დღე „აფხაზეთის დღედ“ დადგინდა.
2014 წლიდან „აფხაზეთობა“ ტრადიციულად ყოველწლიურად სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებით აღინიშნება, რომელშიც აფხაზეთიდან დევნილი შემოქმედებითი კოლექტივები და დევნილი საზოგადოება იღებს მონაწილეობას.