საქართველოს 50 სკოლაში პარლამენტარიზმის შესახებ პროექტის პილოტირებისათვის მოსამზადებელი
ღონისძიებები დაიწყო, რომლის მონაწილე პედაგოგებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თამარ ტალიაშვილმა.
„2021 საქართველოს კონსტიტუციის საიუბილეო წელია და ძალიან სიმბოლურია, რომ საქართველოს პარლამენტი სწორედ წელს იწყებს ძალიან საინტერესო და მნიშნელოვანი პროექტის სკოლებში დანერგვას, რომელიც გულისხმობს ცნობიერების ამაღლებას საქართველოს პარლამენტის, მისი როლისა და ფუნქციის, პარლამენტარიზმის ისტორიის შესახებ. ვფიქრობ ეს პროექტი, რომელიც V-VI და VII კლასების სასავლო გეგმაში, ახალი სახელმძღვანელოს - რა ვიცით პარლამენტის შესახებ? დანერგვას ეხება, თანაბრად მნიშვნელოვანია როგორც მოსწავლეებისთვის, ისე მასწავლებლებისთვის. ჩვენი ამოცანა და მიზანია, რაც შეიძლება მეტად დავეხმაროთ და პრაქტიკული საშუალება მივცეთ ჩვენს მოსწავლეებს, რომ დაუახლოვდნენ და გაიმდიდრონ ცოდნა საქართველოს პარლამენტის შესახებ, ისეთ საკითხებზე როგორებიცაა: როგორ იქმნება კანონები, როგორ მიმდინარეობს ზედამხედველობა კანონების აღსრულებაზე, დემოკრატიის და მოქალაქეთა უფლებების შესახებ. ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს პროექტი ძალიან პოპულარული იქნება ჩვენს სკოლებში და დიდ მადლობას ვუხდით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ევროკავშირს და გაეროს განვითარების პროგრამას ამ მნიშნელოვანი ინიციატივის მხარდაჭერისთვის" - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
22-23 მაისს, 50 სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგებმა წარმატებით გაიარეს ტრენინგი, რომელიც ახალ სასკოლო სახელმძღვანელოს "რა ვიცით პარლამენტის შესახებ?", დამხმარე მასალისა და მათი სწავლების მეთოდებს ეხებოდა.
გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელმა ანა ჩერნიშოვამ ფართოდ ისაუბრა სახელმძღვანელოს მნიშვნელობის შესახებ და ხაზი გაუსვა ადრეული ასაკიდან დემოკრატიისა და პარლამენტის როლის/ფუნქციის შესახებ ახალგაზრდების ინფორმაირებულობის მნიშვნელობას.
სამოქალაქო განათლების ექსპერტის ნინო გვარამაძის თქმით, „ეს ინიციატივა ძალზედ მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ ზრდის ცნობიერებას პარლამენტის შესახებ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებმა პატარა ასაკიდან იცოდნენ ზუსტად, თუ რას წარმოადგენს პარლამენტი. ჩვენი პროექტის ფარგლებში, ბავშვებს მე5-მე-6 კლასიდან მიეწოდებათ ზუსტი ინფორმაცია, მარტივად და საინტერესოდ".
პროექტის იდეა საქართველოს პარლამენტს ეკუთვნის, რომელიც ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით ხორციელდება.