სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში კალიების საწინააღმდეგო
ღონისძიებები დაიწყო. ტერიტორიები, სადაც მონიტორინგის შედეგად მავნებელი განვითარების ადრეულ ფაზაში გამოვლინდა, სპეციალიზებული ტექნიკის საშუალებით, შესაბამისი პრეპარატით მუშავდება.
მავნებლის განვითარების ადრეულ ეტაპზე ჩატარებული ღონისძიებები მნიშვნელოვანია მათი პოპულაციის შესამცირებლად, რაც მწვანე საფარის შენარჩუნების, სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვისა და ეკონომიკური ზარალის თავიდან აცილების წინაპირობაა.
სურსათის ეროვნული სააგენტო აღმოსავლეთ საქართველოში კალიის საწინააღმდეგო წამლობას სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად, ყოველწლიურად ახორციელებს. დღეისათვის კახეთისა და ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებში 1200 ჰექტარი ფართობია დამუშავებული.
მონიტორინგისა და ღონისძიებების ეფექტიანად დაგეგმვის მიზნით, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით ყოველწლიურად ტარდება ტრანსსასაზღვრო კვლევები საქართველოსა და მეზობელი ქვეყნების მცენარეთა დაცვის სპეციალისტების მონაწილეობით.