თსუ ასოცირებული პროფესორის გიორგი ლობჟანიძის მიერ თარგმნილი ჯალალ ედ-დინ რუმის პოემის
„არსთა მესნევის“ მეორე წიგნის პრეზენტაცია გაიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მე-13 საუკუნის სპარსელი მისტიკოსისა და მწერლის „სპარსულ ყურანად“ ცნობილი ექვსნაწილიანი პოემა არის სპარსული მისტიკური პოეზიის მწვერვალი, სუფიზმის ენციკლოპედია, რომელიც ლექსის ფორმითაა შექმნილი.
თარგმანის პრეზენტაციას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩის მრჩეველი კულტურის საკითხებში, ჰამიდ მოსტაფავი, პროფესორები, სტუდენტები და საზოგადოებრიობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„წელს ცნობილ 93-ე აუდიტორიაში მოვახერხეთ მეორე ტომის პრეზენტაცია, მაქსიმალურად დავიცავით რეგულაციით დადგენილი წესები. ამავე დროს, ზუმის მეშვეობით ბევრს ჰქონდა საშუალება, რომ თვალყური ედევნებინა პრეზენტაციისთვის და განხილვისთვის. საინტერესო წარდგენა გვქონდა და დარწმუნებული ვარ, როდესაც ექვსტომეული სრულად გამოვა, კიდევ უფრო პომპეზურად აღვნიშნავთ ამ დიდ ამბავს. ვულოცავ გიორგის და ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ წიგნის ჩვენამდე მოტანაში,“- განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.
„რომ არ არსებობდეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და აღმოსავლეთმცოდნეობის სკოლა, კერძოდ, ირანისტიკის ქვედარგი, ვერც ერთი ადამიანი ვერ შეძლება ამხელა ნაწარმოების თარგმნას. რასაკვირველია, თუ რაიმე წარმატება აქვს ამ წიგნს, პირველ რიგში, უნივერსიტეტს ვუძღვნი“, - აღნიშნა მთარგმნელმა, თსუ ასოცირებულმა პროფესორმა, აღმოსავლეთმცოდნემ გიორგი ლობჟანიძემ.
პრეზენტაციაზე დამსწრე საზოგადოებას მიმართა და კიდევ უფრო აქტიური თანამშრომლობის იმედი გამოთქვა საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩის მრჩეველმა კულტურის საკითხებში, ჰამიდ მოსტაფავიმ: „ჩემთვის დიდი პატივია, რომ მომეცა შესაძლებლობა ვყოფილიყავი ჯალალ ედ-დინ რუმის ქართული თარგმანის პრეზენტაციაზე, საქართველოს, და განსაკუთრებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს აქვს სპარსული ენის სწავლების დიდი ტრადიცია. ამ დიდი ტრადიციის გაგრძელება და მტკიცებულება არის ის, რომ სპარსული ლიტერატურის თარგმნა გრძელდება და ახალ მასშტაბებს იძენს. იმედი მაქვს, რომ ორმხრივი მთარგმნელობითი ტრადიციები და ურთიერთობები კვლავ გაგრძელდება,“- განაცხადა ჰამიდ მოსტაფავიმ.
პუბლიცისტისა და მწერლის როსტომ ჩხეიძის თქმით, ჯალალ ედ-დინ რუმის უმნიშვნელოვანესი ნაწარმოების უკეთ გაცნობაში ქართველ მკითხველს გიორგი ლობჟანიძის მიერ თარგმანზე დართული კომენტარები დაეხმარება. „ჯალალ ედ-დინ რუმი არის საკაცობრიო პოეტი და მეცნიერი, საკაცობრიო ქმნილება, რომლის თარგმნაც არის ურთულესი. მისი მთარგმნელი შეიძლებოდა ყოფილიყო მხოლოდ გიორგი ლობჟანიძე - ადამიანი რომელმაც იცის ზედმიწევნით როგორც სპარსული, ასევე არაბული ენა, იცის ყურანი, ჰადისები, სუფიზმი და იცის საუკეთესო ქართული, არის პოეტი, მკვლევარი,“- აღნიშნა როსტომ ჩხეიძემ.
პოემა თავს უყრის მისი შექმნის დროისათვის ისლამურ სამყაროში წამოჭრილ ყველა მნიშვნელოვან სააზროვნო ტენდენციას. გიორგი ლობჟანიძემ თარგმანის ტექსტში ასახა ყველა ბეითი, რაც კი ორივე სპარსულ ტექსტშია (სუბჰანის მიერ დამუშავებული ნუსხა და ნიკოლსონის კრიტიკული გამოცემა) მოცემული. „არსთა მესნევის“ გასაგებად სპარსულისა და არაბულის თანაბარი ცოდნის გარდა, მთელი მეცნიერული ცოდნაც სჭრდება.
„არსთა მესნევის“ პირველი წიგნი ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის სერიით „მსოფლიო კლასიკა“ შარშან გამოიცა.