მიმდინარე წლის 13 მაისიდან, სასწავლო პროცესის განახლებიდან, 21 მაისის ჩათვლით მონიტორინგისა და
სავალდებულო ტესტირების შედეგად ქვეყნის მასშტაბით ვირუსი მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 0,3%-ს და მოსწავლეთა 0,05%-ს დაუდასტურდა.
მშობელთა თხოვნით, ვირუსის დადასტურების მიზეზით, ქვეყნის მასშტაბით ამ ეტაპზე სრულ დისტანციურ სწავლებაზეა 63 სკოლა და 188 ცალკეული კლასი.
შემცირებულია რისკის ჯგუფში მყოფი იმ მასწავლებლების რაოდენობა, რომელთაც დისტანციური სწავლების თხოვნაზე შეღავათი გაეწიათ. ამ ეტაპზე დისტანციური სწავლების ფორმატში ქვეყნის მასშტაბით 120 მასწავლებელი იმყოფება.
"ვირუსის გამოვლენის შემთხვევებში სკოლებზე კვლავ წერტილოვანი შეზღუდვები ვრცელდება.
2020-2021 სასწავლო წლის საკლასო ოთახებში დასრულება ამ ეტაპზე საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ თითოეული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ყველაფერს აკეთებს, რომ პანდემიის მესამე ტალღა სასწავლო პროცესისთვის ნაკლებად დამაზიანებელი იყოს.
ამ მიზნით სკოლებში მაქსიმალურად არის დაცული ჰიგიენა. ამასთან, ინტენსიურად მიმდინარეობს მასწავლებელთა სისტემური ტესტირება ორ კვირაში ერთხელ, პარალელურად კი გრძელდება ვაქცინაცია ქვეყნის მასშტაბით" - აცხადებენ განათლების სამინისტროში.