ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე ბოლნისის
ცენტრალურ კლინიკაში „სინოფარმის" ვაქცინით აიცრა.
ჟურნალისტებთან საუბარში მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ბოლნისის კლინიკის პერსონალს პროფესიონალიზმისთვის, აგრეთვე მთლიანად ჯანდაცვის სისტემაში მომუშავე თითოეულ ადამიანს იმ თავდაუზოგავი შრომისთვის, რასაც ისინი პანდემიის დაწყებიდან დღემდე ახორციელებენ. „ბოლნისის კლინიკაში, ისევე როგორც საქართველოს სხვა რეგიონულ სამედიცინო დაწესებულებებში ვაქცინაცია ხორციელდება ინფექციური კონტროლის წესების სრული დაცვით და ჯანმოს რეკომენდაციების გათვალისწინებით, ამიტომ მე ვაქცინაციის ჩასატარებლად ბოლნისში ჩამოვედი", - განაცხადა გენადი არველაძემ.
„მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაცია უსაფრთხო გზაა თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის, რათა მათ გადაარჩინო არა მხოლოდ თავისი სიცოცხლე, არამედ დაიცვან სხვისი ჯანმრთელობა. გარდა ამისა, ეს არის ერთადერთი გამოსავალი იმისა, რომ ქვეყანა განვითარების პანდემიამდელ რიტმს დაუბრუნდეს," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.