ფილარმონიასთან მიმდინარე აქციაზე მწერალ ჭაბუა ამირეჯიბის ახალგაზრდებისადმი მიმართვა მიიტანეს, რომელსაც „ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობთ:
„საქართველოს 21-ე საუკუნის ახალგაზრდობას მოგმართავთ მწერალი და საზოგადო მოღვაწე, 90 წლის ჭაბუა ამირეჯიბი-ბერი დავითი.
მივესალმები თქვენს ახალგაზრდულ სამამულიშვილო მოძრაობას, რომლის ერთ-ერთი წამომწყები თქვენს ხნოვანებაში მეც გახლდით, რისთვისაც სასჯელი არ ამცდა, მაგრამ ღმერთმა ინება ცოცხალმა გამოვაღწიე რამდენჯერმე მისჯილ დახვრეტას და 16 წლოვან პატიმრობას რუსებისა და მათ მიერ დაქირავებული ქართველების ციხე-ბანაკებს.
მიხარია და ბედნიერი ვარ, რომ ტელეეკრანზე თქვენს მიზანსწრაფვასა და თავდადებას შევცქერი. ვამაყობ, რომ უსამართლობის წინააღმდეგ ისევ გამოვიდა შეუდრეკელი ახალგაზრდა თაობა. გამარჯვებას გისურვებთ მთელ საქართველოსთან ერთად. ვიცი ქართველი ერის მომავალი ხელმძღვანელობა ხართ და თავს უფლებას ვაძლევ გისურვოთ, წინა თაობათა შეცდომები აღარ გაგემეორებინოთ.
მოგვართავთ, ცხოვრებაში არაერთხელ დამარცხებული, მაგრამ საბოლოოდ გამარჯვებული ჭაბუა ამირეჯიბი-ბერი დავითი ჩვეული შეძახილით: - ჭკუით ქართველებო!!!“ - ნათქვამია ჭაბუა ამირეჯიბის მიმართვაში.

















