საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს სამეგრელოს ესტუმრა და იმ ადგილზე იმყოფებოდა, სადაც ახალი ქალაქი ლაზიკა აშენდება.
როგორც „ფეისბუქის“ მიხეილ სააკაშვილის გვერდზეა აღნიშნული, პრეზიდენტმა მოსახლეობას ის პროექტები გააცნო, რომელთა განხორციელება უახლოეს მომავალში დაიწყება.
სააკაშვილი ლაზიკას მშენებლობის საკითხს შეეხო და აღნიშნა, რომ ის საქართველოს ზღვისპირეთში ყველაზე დიდი პორტი იქნება.
მისი თქმით, ახალ პორტში მაღალტონაჟიანი გემების მიღება იქნება შესაძლებელი, რასაც დღესდღეობით, საქართველოს ვერც ერთი პორტი ვერ ახერხებს.
ქვეყნის პირველმა პირმა მოსახლეობასთან ერთად, ლაზიკის პირველი ადმინისტრაციული შენობაც დაათვალიერა.
1 500 კვადრატული მეტრის ფართობის შენობაში ახალი ქალაქისა და პორტის ადმინისტრაცია განთავსდება.
მიხეილ სააკაშვილმა ადგილობრივებთან ახალი ეკლესიის მშენებლობასა და მის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
პრეზიდენტის განცხადებით, არქიტექტურული თვალსაზრისით, ახალი ტაძარი თურქეთის ტერიტორიაზე მოქცეული ისტორიული ბანას ზუსტი ასლი იქნება.

















