საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი
ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ეკოლიდერთა სკოლაში სწავლა დაიწყო.
სასწავლო კურსი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა გახსნა და ყურადღება გაამახვილა ეკოლიდერთა სკოლაში მონაწილეთა შესაძლებლობაზე გაეცნონ გარემოსდაცვით სფეროში არსებულ გამოწვევებზე.
„სასწავლო პროგრამის ფარგლებში გექნებათ შესაძლებლობა მიიღოთ ინფორმაცია სხვადასხვა აქტუალურ და საინტერესო გარემოსდაცვით საკითხზე, ჩაერთოთ მსჯელობებში და მოუსმინოთ საინტერესო სტუმრების მოსაზრებებს. ეკოლიდერთა სკოლაში მიღებული ცოდნა და აქ ჩამოყალიბებული ურთიერთობები დარწმუნებული ვარ ძალიან კარგი საფუძველი იქნება იმისათვის, რომ აქტიურად ჩაერთოთ არა მხოლოდ თქვენს თემში, არამედ ქვეყანაში არსებული გარემოსდაცვითი გამოწვევების გამკლავებაში და რაც მთავარია, მთელი საქართველოს მასშტაბით გახდეთ გარემოსდაცვითი ცოდნისა და ინფორმაციის გამავრცელებლები.”-განაცხადა თამარ ალადაშვილმა.
2021 წელს ეკოლიდერთა სკოლაში მონაწილეობის სურვილი უპრეცედენტოდ ბევრმა მოსწავლემ გამოთქვა. საერთო ჯამში, პროგრამაზე 752 მოსწავლე დარეგისტრირდა მთელი საქართველოდან. მონაწილეები შეირჩა კონკურსის საფუძველზე. სკოლაში მოსახვედრად აპლიკანტებმა 2 ეტაპი განაცხადების გადარჩევა და გასაუბრება გაიარეს, რომლის წარმატებით გადალახვა 50-მა აპლიკანტმა შეძლო და მოხვდა ეკოლიდერთა სკოლაში. შერჩეული კანდიდატები წარმოდგენილნი არიან საქართველოს ყველა რეგიონიდან.
სალექციო კურსი ორი თვე გაგრძელდება. პროგრამის განმავლობაში განხორციელდება თეორიული სწავლება და საველე გასვლები. ყოველ სამშაბათსა და პარასკევს ლექციებს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად მოწვეული სტუმრებიც ჩაატარებენ.
სასწავლო პროგრამის ფარგლებში IX-XII კლასის მოსწავლეები შეისწავლიან ისეთ საკითხებს როგორიცაა: ადამიანის ეკოლოგიური უფლებები, ნარჩენების მართვის მნიშვნელობა, ბიომრავალფეროვნების დაცვის მექანიზმები, კლიმატის ცვლილება და ბუნებრივი საფრთხეების რისკის შემცირება, დაცული ტერიტორიების მნიშვნელობა.
ეკოლიდერთა სკოლა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ შემუშავებული სასწალო პროგრამაა, რომლის მიზანსაც ახალგაზრდა თაობისათვის გარემოსდაცვითი საკითხების სწავლება და ამ მიმართულებით მათი ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს. ეკოლიდერთა სკოლის პროექტი, პირველად 2016 წელს განხორციელდა დიდი გამოხმაურებისა და დაინტერესების გამო 2020 წელს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა საზოგადოებას ეკოლიდერთა სკოლის განახლებული პროგრამა შესთავაზა, რომლის ფარგლებშიც 35 მონაწილე შეირჩა, რომლებმაც წარმატებით გაირეს დისტანციური კურსი და მიიღეს ცოდნა იმის შესახებ, თუ როგორ დაგეგმონ და განახორციელონ სხვდასხვა გარემოსდაცვითი კამპანია.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნოების სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი კორონავირუსით (COVID-19) გამოწვეული პანდემიის გამო თეორიულ კურსს კვლავაც დისტანციურად განაგრძობს.