ოზურგეთის მუნიციპალიტეტში საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული
საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის საპილოტე პროექტი გაიხსნა.
პროექტი, რომლის განხორციელების შედეგადაც ოზურგეთის 29 ათასამდე მოსახლეს მაღალსიჩქარიან, ფართოზოლოვან ინტერნეტზე ექნება წვდომა, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა. ღონისძიებას კომუნიკაციების კომისიის წევრი ნათია კუკულაძე, ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, „ოუფენ ნეტის" დირექტორი მარიამ სულაბერიძე და მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სებასტიან მოლინეუსი ესწრებოდნენ.
კომპანია „ოუფენ ნეტმა" კომუნიკაციების კომისიის მხარდაჭერით ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 140 კმ-იანი ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურა ააშენა, პროექტის განხორციელებით შეიქმნა შესაძლებლობა, თითოეულმა ოჯახმა მიიღოს 100 მბ/წმ, ხოლო საჯარო და კერძო ორგანიზაციებმა - 1გბ/წმ სიჩქარის ინტერნეტი. ფართოზოლოვანი ინტერნეტი ოზურგეთის მოსახლეობას აძლევს შესაძლებლობას, ისარგებლონ ელექტრონული სერვისებით.
ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების პარალელურად აქტიურ ფაზაშია პროექტი "Log in Georgia", რომელსაც მსოფლიო ბანკის დახმარებით კომპანია „ოუფენ ნეტი" კომუნიკაციების კომისიასთან ერთად განახორციელებს. პროექტის განხორციელების შედეგად, საქართველოს 1000 სოფელს და 500 000 მოქალაქეს, მათ შორის, მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება, ფართოზოლოვან, მაღალი ხარისხის ინტერნეტს დაუკავშირდეს და ისარგებლოს ისეთი ციფრული სერვისებით, როგორებიცაა: ელექტრონული ჯანდაცვა, დისტანციური სწავლება, ელექტრონული მმართველობა და ა.შ.
კომუნიკაციების კომისია წინასწარ შერჩეულ სოფლებში ცნობიერების ამაღლების მიზნით, სპეციალური ტრენინგ-პროგრამებით დაეხმარება მოქალაქეებს, ტექნოლოგიების გამოყენებით, განივითარონ შესაბამისი ციფრული უნარ-ჩვევები და შეძლონ სახელმწიფოს სხვადასხვა ელექტრონული სერვისით სარგებლობა. ასევე, სამიზნე დასახლებულ პუნქტებში სპეციალური ღონისძიებები ქალების, ეთნიკური და სოციალური უმცირესობებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიერ ინტერნეტითა და ციფრული სერვისებით სარგებლობის ხელშესაწყობად განხორციელდება. პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების შედეგად, სოფლის მოსახლეობა და რეგიონში მოქმედი საწარმოები უზრუნველყოფილი იქნებიან იმ თანაბარი შესაძლებლობებით, რითიც ქალაქის მოსახლეობა სარგებლობს.
კომუნიკაციების კომისიის მარეგულირებელი რეფორმებისა და პოლიტიკის მეშვეობით, ციფრული ეკონომიკის განვითარების ეროვნული სტრატეგიის შესაბამისად, მოხდება სოფლების დაქსელვა, მოეწყობა ინფრასტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფს ფართოზოლოვანი და მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის მიწოდებას საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში. დარეგულირებული ფასები შესაძლებლობას მისცემს ინტერნეტპროვაიდერებს, სოფლებში მცხოვრებ ადამიანებს დაბალ ფასად მიაწოდონ მომსახურება, შედეგად კი, თითოეულ მოქალაქეს ექნება ყველა ის უპირატესობა, რაც თან სდევს მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით სარგებლობას.
მნიშვნელოვანია, რომ მიუხედავად პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევებისა, ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამა აქტიურად გრძელდება და უკვე დაწყებულია მეორე საპილოტე პროექტი, რომელიც განხორციელდება ქობულეთის სამიზნე გეოგრაფიულ არეალში - აღნიშნულ მუნიციპალიტეტში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის პროექტირება-მშენებლობის მიზნით გამოცხადებულია ელექტრონული ტენდერი და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები.