პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაწყებული ახალი სახელმწიფო
პროგრამის „განახლებული რეგიონები” ფარგლებში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ დღეს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გამართა.
კომისიის სხდომას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლში შოთა რეხვიაშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები, მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და რეგიონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
თითოეული მუნიციპალიტეტის მერმა, მათ შორის ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, პრეზენტაციის სახით, კომისიის სხდომაზე საპროექტო წინადადებები წარადგინა.
დავით შერაზადიშვილმა კომისიის წევრებს ქალაქ ბოლნისის ცენტრალური ქუჩის ურბანული განვითარების გეგმა გააცნო, რომლის თანახმად, სულხან-საბა ორბელიანის ქუჩაზე მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება იგეგმება.
როგორც ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა აღნიშნა, სულხან-საბა ორბელიანის ქუჩა ბოლნისის სავიზიტო ბარათია და პროექტის დასრულების შემდეგ, მოქალაქეები მოწესრიგებული ინფრასტრუქტურის მქონე ცენტრალური ქუჩით ისარგებლებენ, რაც ქალაქს ვიზიტორებისთვის უფრო მიმზიდველს გახდის.
სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონები“ 4-წლიანია და საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს. პროგრამის მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია და ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სხვადასხვა მნიშვნელოვანი ობიექტის/მდებარეობების განვითარებას გულისხმობს.
პროექტები განხორციელდება როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, ისე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერით.
პროგრამის ფარგლებში, კომისიის სხდომები უკვე გაიმართა დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონსა და კახეთში.