გლდანის სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებაში შესულმა სასულიერო პირებმა ციხის დირექტორისგან ადმინისტრაციის იმ თანამშრომლების
გათავისუფლების დაპირება მიიღეს, რომელთაც პატიმრები სასტიკ მოპყრობაში ადანაშაულებენ.
ამის შესახებ პატიმრებთან გასაუბრების შემდეგ, სასულიერო პირებმა ჟურნალისტებს განუცხადეს.
მათი თქმით, პატიმრები აცხადებენ, რომ ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების შემდეგ საპატიმროში სიმშვიდეა და მათზე არავითარი ზეწოლა ან მუქარა აღარ ხორციელდება.
„ყველა პატიმარი ერთხმად ამტკიცებდა, რომ აქამდე მათ ძალიან ცუდად ექცეოდნენ, საშინლად უსწორდებოდნენ. პატიმართა ნაწილმა გვითხრა, რომ რამდენიმე ადამიანი, რომელიც მათ ასე მკაცრად უსწორდებოდა, კიდევ იქ არის“-აღნიშნეს სასულიერო პირებმა და დასძინეს, რომ მსჯავრდებულებმა ამ თანამშრომლების ვინაობაც გაუმხილეს, გვარები კი ციხის უფროსს გადაეცა, რომელმაც მათი გათავისუფლების პირობა დადო.
სასულიერო პირებთან ერთად საპყრობილეში შესვლის უფლება დღეს ჟურნალისტებსაც მისცეს. მსჯავრდებულები ციხიდან „ჯალათების“ მოშორებას ითხოვდნენ და მედიის წარმომადგენლებს წერილები გამოატანეს.
ამასთან, დაავადებულმა პატიმრებმა აღნიშნეს, რომ ისინი ორი დღეა პროტესტის ნიშნად შიმშილობენ. მათი მოთხოვნა ტუბერკულოზით დაავადებულთა სპეციალურ დაწესებულებაში გადაყვანაა.
სასულიერო პირებმა პატიმრებს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდეს.

















