კახეთის რეგიონი, ისევე როგორც საქართველოს სხვა რეგიონები მდიდარია ლამაზი
ადგილებით, ამდენად,მათი განახლება, კეთილმოწყობა უფრო მიმზიდველს გახდის პირველ რიგში საქართველოს მოქალაქეებისთვის და ასევე, ჩამოსული სტუმრებისთვის-ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ლერი ბარნაბიშვილმა თელავში, სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები" ფარგლებში შექმნილი სპეციალური კომისიის პირველი სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის ახალი ინიციატივის ფარგლებში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ ერთ კვირაზე მეტია, რაც მუშაობა დაიწყო და უწყვეტ რეჟიმში ჩაატარა გასვლითი სხდომები დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში.
"როგორც მოგეხსენებათ, ერთ კვირაზე მეტია რაც პრემიერ-მინისტრის ახალი ინიციატივის ფარგლებში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ დაიწყო მუშაობა და უწყვეტ რეჟიმში ჩაატარა გასვლითი სხდომები დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში. დასავლეთ საქართველოს რეგიონში, ყველა მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი პროექტები შერჩეულ იქნა, მოწონებულ იქნა, ნაწილ მათგანზე უკვე გამოცხადებულია ტენდერები და უახლოეს მომავალში დაიწყება სამუშაოების განხორციელება. ამ პროგრამის ფარგლებში დღეს ვიმყოფებით კახეთის რეგიონში, მიმდინარეობს კომისიის სხდომა, სადაც მუნიციპალიტეტების წარმომადგენლების მიერ იმ პროექტების წარმოდგენა ხდება, რომელთა განხორციელებაც მათ სურთ. შეირჩევა კონკრეტული ლოკაციები, არეალები, პრიორიტეტების და აქტუალურობის მიხედვით, მოხდება მათი დამტკიცება კომისიაზე და უახლოეს მომავალში ასევე გამოცხადდება ტენდერები. კახეთის რეგიონი, ისევე როგორც საქართველოს სხვა რეგიონები მდიდარია ლამაზი ადგილებით, ამდენად, მათი განახლება, კეთილმოწყობა უფრო მიმზიდველს გახდის პირველ რიგში საქართველოს მოქალაქეებისთვის და ასევე, ჩამოსული სტუმრებისთვის. ასევე მინდა ვუთხრა რეგიონების მოსახლეობას, რომ ეს პროექტები და არეალები, რომელთა განახლებაც ხდება, არ არის საბოლოო, ეს არის პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსებული პროგრამის პირველი ეტაპი, უახლოეს მომავალში მოხდება მათთვის სასურველი სხვა არეალების განახლების დაფინანსება და განხორციელდება აუცილებლად",- განაცხადა ლერი ბარნაბიშვილმა.