ვაქცინით ჩვენ ვიცავთ არამარტო საკუთარ თავს, არამედ ვიცავთ რისკ ჯგუფში შემავალ
ადამიანებს, რომლებიც ჩვენ გარშემო არიან, - ამის შესახებ მედიასთან საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, რომელიც დღეს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში „სინოფარმის" კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა.
როგორც მან აღნიშნა, იმუნიზაციის პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია და ვისაც აქვს შესაძლებლობა და შესაბამისი რეკომენდაცია მედიკოსებისგან, აცრა უნდა გაიკეთოს.
„პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვაქცინის დასახელებას და წარმოშობას იმ შემთხვევაში, როდესაც უკვე მილიონობით ადამიანია აცრილი კონკრეტული ვაქცინით. ვაქცინა არის კარგი! შესაბამისად, შეგვიძლია ვენდოთ ვაქცინაციის პროცესს. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ვაქცინაციით შესაძლებელია ასობით და ათასობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ავიცერი „სინოფარმის" წარმოების ვაქცინით, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვაქცინის დასახელებას. ყველა ვაქცინა მისაღებია და ყველა ვაქცინით შესაძლებელია იმ მიზნის მიღწევა, რაც არის დასახული - კონკრეტულად კი, ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.