უქმე დღეების დაწყებამდე, საქართველოში ვირუსის გავრცელების მაჩვენებლის
გათვალისწინებით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი უსაფრთხოდ წარიმართა. ქვეყანაში გაზრდილი კოვიდინფიცირების მიუხედავად, სამინისტრომ ყველა რესურსი გამოიყენა იმისათვის, რომ სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში წარმართულიყო და სკოლებში შეზღუდვები მხოლოდ წერტილოვანი ყოფილიყო.
სამინისტრო მადლობას უხდის სასკოლო საზოგადოებას და ყველა იმ მოქალაქეს, ვინც ყველაფერი გააკეთა სკოლებში უსაფრთხოებისთვის შენარჩუნებისთვის და კვლავ თხოვნით მიმართავს საზოგადოებას, განსაკუთრებით სადღესასწაულო დღეებში და დაწესებულ უქმეებზე, ზედმიწევნით დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი პროტოკოლი, რათა მოსწავლეებმა 13 მაისიდან სწავლა კვლავ საკლასო ოთახში გააგრძელონ.
26-29 აპრილის მონაცემებით, მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად ქვეყნის მასშტაბით ვირუსი მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 0,3%-ს და მოსწავლეთა 0,1%-ს დაუდასტურდა. საგულისხმოა, რომ აღნიშნული მაჩვენებელი იდენტურია წინა კვირისა, რაც საგანმანათლებლო სისტემისთვის მეტად მნიშვნელოვანია.
მშობელთა თხოვნით, ასევე, ვირუსის დადასტურების მიზეზით, ქვეყნის მასშტაბით ამ ეტაპზე სრულ დისტანციურ სწავლებაზეა 106 სკოლა და 180 ცალკეული კლასი, რაც წინა კვირასთან შედარებით გაზრდილი რაოდენობაა.
მცირედ დაკლებულია რისკის ჯგუფში მყოფი იმ მასწავლებლების რაოდენობაც, რომელთაც დისტანციური სწავლების თხოვნაზე შეღავათი გაეწიათ. ამ ეტაპზე დისტანციური სწავლების ფორმატში ქვეყნის მასშტაბით 115 მასწავლებელი იმყოფება.
სამინისტრო იმედს გამოთქვამს, რომ მოსწავლეთა ხელშეწყობის მიზნით, თითოეული ადამიანი გამოიჩენს მოქალაქეობრივ შეგნებას და ზედმიწევნით დაიცავს დადგენილ წესებს.