საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძესთან ერთად,
ქობულეთის ციტრუსის გადამამუშავებელ ქარხანაში ციტრუსის მოყვანით დაკავებულ ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა.
როგორც მთავრობის ვებ-გვერდზეა აღნიშნული, შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა „საქართველოს ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტის სახელმწიფო კომპანიის“ საქმიანობის შესახებ ისაუბრა, რომლის მიზანიც ქართველი ფერმერებისთვის ჭარბი მოსავლის საზღვარგარეთ გატანაში დახმარებაა.
პრემიერის განცხადებით, ფერმერების სურვილის შემთხვევაში, აღნიშნული კომპანია ჭარბ პროდუქციას ჩაიბარებს და მის სხვა ქვეყნებში ტრანსპორტირებას, საბაჟო პროცედურების გავლას და რეალიზაციამდე საწყობებში განთავსებას უზრუნველყოფს.
ვანო მერაბიშვილმა ასევე, იმ კონკრეტულ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც ციტრუსების მოყვანით დაკავებულ ფერმერებს აწუხებთ, მათ შორის ციტრუსების შენახვისა და რეალიზაციის მოკლე ვადების საკითხებზე.
მისი განცხადებით, სადემონსტრაციო ნაკვეთებზე სხვადასხვა ქვეყნებიდან შემოტანილი 7 სახეობის ციტრუსების გამოცდა უკვე მიმდინარეობს. აღნიშნულმა ჯიშებმა მანდარინის მოსავლის მიღების პერიოდის რამდენიმე თვეზე გადანაწილება და მოსავლის გაორმაგება უნდა უზრუნველყოს.
მოგვიანებით, ვანო მერაბიშვილი და ლევან ვარშალომიძე ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ახალშენში ნაკაშიძეების ოჯახს ეწვივნენ და 3 000 კვადრატულ მეტრზე გაშენებული მანდარინის ბაღი დაათვალიერეს.
მერაბიშვილმა ოჯახის წევრებთან საუბრის დროს, მანდარინის ამჟამად გავრცელებული ჯიშების თანამედროვე სახეობებით ჩანაცვლების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება, რაც მოსავლის რაოდენობას მკვეთრად გაზრდის.

















