"ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც იღებს საკოორდინაციო საბჭო განპირობებულია
ეპიდსიტუაციით და იმ ინფორმაციის ანალიზით, რომელიც არსებული მომენტისათვის საბჭოს გააჩნია. მნიშვნელოვანია, რომ რეგულაციის აღსრულებას აქვს ორი მხარე, ერთი, რომ უნდა აღსრულდეს იმ ორგანოების მიერ, ვისაც ევალება ამის კონტროლი და მეორე - უნდა აღსრულდეს მოსახლეობის მხრიდან" - ამის შესახებ, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც დამატებითი რეგულაციების დაწესებას შეეხებოდა.
მისივე თქმით, ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს დამატებითი რეგულაციების დაწესების თავიდან აცილებას, თუმცა ეს დამოკიდებული იქნება ეპიდვითარებასა და მთავრობის მიერ უკვე დადგენილი რეგულაციების შესრულებაზე.
„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის ორმხრივი მოძრაობა, არ შეიძლება მხოლოდ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ იზრუნოს ამაზე, შესაბამისად, იმისთვის, რომ თავიდან იქნას აცილებული ზომების კიდევ უფრო გამკაცრება, მნიშვნელოვანია, ყველამ ზედმიწევნით შეასრულოს არსებული რეგულაციები. ჩვენ ვცდილობთ, რომ დამატებითი რეგულაციები და დამატებითი წნეხი მაქსიმალურად იქნას აცილებული, თუმცა ეს დამოკიდებული იქნება ეპიდვითარებასა და იმ რეგულაციების შესრულებაზე, რომელიც უკვე დადგენილია მთავრობის მიერ,"- აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.