ჟურნალ „ლიბერალის“ მთავარი რედაქტორი შორენა შავერდაშვილი აცხადებს, რომ პროცესები არჩევნებამდე უნდა მივიდეს,
თუმცა, ამასთანავე მას მშვიდობიანი საპროტესტო აქციების გაგრძელება აუცილებლობად მიაჩნია.
როგორც ჟურნალისტმა დღეს ფილარმონიასთან უფლებადამცველების აქციისას განაცხადა, აქციები არჩევნებს ხელს არ უშლის. მისი თქმით, არჩევნებისთვის ხელისშემშლელი მხოლოდ პრეზიდენტ სააკაშვილის დღევანდელი განცხადებებია.
„მშვიდობიან არჩევნებს ხელს უშლის ის, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი დღესაც კი იუსტიციის სახლებს ხსნის“ - განაცხადა მან.
შავერდაშვილი მიიჩნევს, რომ აქციების ერთადერთი შედეგი ბაჩო ახალაიას გადადგომა იყო, თუმცა, ეს საკმარისი არ არის და აღმასრულებელი ხელისუფლება მთლიანად უნდა გადადგეს.
მისივე თქმით, ის, რაც ბოლო ხანებში საზოგადოებამ ნახა, სისტემური მარცხია და ეს ხელისუფლებამაც აღიარა.

















