ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, რთველი 2021-ის ფარგლებში, ყურძნის
ხარისხსა და ადგილწარმოშობის ჯიშების სპეციფიკაციებით განსაზღვრულ მოსავლიანობის ლიმიტზე კონტროლი გამკაცრდება. ამასთან ერთად, დაგეგმილია რთველის ჩატარება ვენახების კადასტრის პროგრამის მონაცემების საფუძველზე და ყურძნის ჩაბარების დროს არსებული რიგების მართვის ელექტრონული პროგრამის დანერგვა.
აღნიშნული საკითხები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ოთარ შამუგიამ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელებთან და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მერებთან ამბროლაურში გამართულ შეხვედრაზე განიხილა.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, შემოდგომაზე ყურძნის მოსავლის დაბინავების პროცესის ორგანიზებულად და შეუფერხებლად წარმართვის უზრუნველსაყოფად, რთველისთვის მზადება უკვე დაწყებულია.
„გასულ წელს, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში რეკორდული რაოდენობის ყურძნის მოსავალი დაბინავდა; შესაბამისად, მნიშვნელოვნად გაიზარდა მევენახეების შემოსავალიც. თუმცა, იყო პანდემიით განპირობებული გამოწვევებიც, რასაც ერთობლივად უნდა გავუმკლავდეთ და 2021 წლის რთველიც წარმატებულად დასრულდეს. ძალიან მნიშვნელოვანია, ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია დროულად იყოს მიტანილი მევენახე ფერმერებამდე. ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობენ სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურები, რომლებიც, ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, მაისის თვიდან დაიწყებენ შეხვედრებს რეგიონის ყველა სოფელში. მსგავსი შეხვედრები უკვე ჩატარდა კახეთის რეგიონში“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, იგეგემება ვენახების კადასტრის პროგრამის დასრულება კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში, რაც მნიშვნელოვანია მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების და ხარისხიანი ღვინის წარმოების ხელშეწყობისთვის. რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ვენახების საკადასტრო სამუშაოები 2014 წელს ჩატარდა. ვინაიდან მას შემდეგ რეგიონში მნიშვნელოვნად გაიზარდა ვენახების ფართობები, მიმდინარე წელს მონაცემების განახლების მიზნით განხორციელდება „ტვიშისა“ და „ხვანჭკარის“ მიკროზონების აეროგადაღებები.
როგორც რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, პაპუნა მარგველიძემ აღნიშნა, დაგეგმილი სიახლეები არის დროული და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი რაჭა-ლეჩხუმის რეგიონის მოსახლეობისთვის, რომელთა ეკონომიკური შემოსავლები პირდაპირ არის დამოკიდებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგთან.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან მეხუზლას განცხადებით, ჩასაბარებელი ყურძნის შაქრიანობა, რომელიც შესაბამისი ნორმატიული დოკუმენტაციებითაა დადგენილი, განსაზღვრავს ყურძნის ხარისხს, რაც შემდგომ მის საბაზრო ღირებულებაზეც აისახება.
სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ლაშა შალამბერიძემ შეხვედრაზე იმ აქტივობებზე ისაუბრა, რომელთა ფარგლებშიც, ფერმერები ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ სამინისტროს მიერ დაგეგმილ და მიმდინარე პროექტებზე, მათ შორის, რთველის დროს რიგების მართვის ელექტრონულ პროგრამაზე.