„გასული 24 საათის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების 1374 ახალი
შემთხვევა გამოვლინდა, რაც განსაკუთრებით საყურადღებო მაჩვენებელია. ინფიცირების შემთხვევების რაოდენობით პირველ ადგილზეა თბილისი, ხოლო მეორე ადგილზე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი",-ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„როგორც მოგეხსენებათ, ბოლო დღეების განმავლობაში სახეზეა ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების ტენდენცია. ეს ხდება როგორც მთელ მსოფლიოში, ასევე საქართველოში. გასული 24 საათის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების 1374 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც განსაკუთრებით საყურადღებო მაჩვენებელია.
ინფიცირების შემთხვევების რაოდენობით პირველ ადგილზეა თბილისი, ხოლო მეორე ადგილზე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო აკვირდება ეპიდემიოლოგიურ ვითარებას, არსებულ ტენდენციებს და შესაბამის გადაწყვეტილებას დეტალური ანალიზის საფუძველზე ახორციელებს. საბჭო ასევე მსჯელობს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმომსვლელთა მიმართ მოქმედ რეგულაციებზე და გადაწყვეტილებას არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად უახლოეს პერიოდში მიიღებს.
არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით, განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყანაში მოქმედი რეგულაციების ზედმიწევნით შესრულებას და დაცვას, რათა მკაცრი შეზღუდვები მომავალში თავიდან იქნას აცილებული. საკოორდინაციო საბჭო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, სწორად გამოიყენონ პირბადე, დაიცვან ყველა რეგულაცია, რაც კი ქვეყანაში მოქმედებს და უზრუნველყონ ყველა შესაბამისი ღონისძიების გატარება, რაც სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით გვაკისრია თითოეულ ჩვენთაგანს. როგორც თქვენთვის ცნობილია, შესაბამისი უწყებები მკაცრად აკონტროლებენ ყველა იმ რეგულაციის აღსრულებას, რომელიც მიმართულია ვირუსის გავრცელების პრევენციისკენ და აღნიშნულისთვის დამატებითი ძალების მობილიზება განხორციელდება",-განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.