ქვეყნის მასშტაბით ინფიცირების მატების გამო,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტრო საზოგადოებას კიდევ ერთხელ მიმართავს თხოვნით,ზედმიწევნით დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები, რათა მოსწავლეებმა სემესტრის დასრულება, ბუნებრივ გარემოში, სასკოლო სივრცეში შეძლონ.
სწორედ ინფიცირების თავიდან ასაცილებლად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, სკოლებში კიდევ უფრო გამკაცრდა უსაფრთხოებაზე კონტროლი. ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ როგორც მოსწავლეები, ასევე ადმინისტრაციის წარმომადგენლები სკოლებში სრულად დაცულები იყვნენ. იმ სკოლებში კი, სადაც ვირუსი ფიქსირდება, სკოლები პროტოკოლის შესაბამისად მოქმედებენ და სკოლის ადმინისტრაციის მიერ მყისიერად ხდება შენობის სრული დეზინფექცია.
გასულ კვირასთან შედარებით, მიმდინარე კვირაში სკოლებში ინფიცირების მაჩვენებელი მცირედ გაზრდილია, თუმცა შიდა გავრცელება კვლავ არ ფიქსირდება.
კერძოდ, 5-დან 10 აპრილის ჩათვლით, მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით ვირუსი მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 0,2%-ს და მოსწავლეთა 0,04%-ს დაუდასტურდა.
მშობელთა თხოვნით, ასევე, ვირუსის დადასტურების მიზეზით, ქვეყნის მასშტაბით ამ ეტაპზე სრულ დისტანციურ სწავლებაზე 43 სკოლა და 174 ცალკეული კლასი იმყოფება.
ქვეყნის მასშტაბით გაიზარდა რისკჯგუფში მყოფი იმ მასწავლებლების რაოდენობა, რომელთაც დისტანციური სწავლების თხოვნით თავად მიმართეს და სკოლის მხრიდან შეღავათი გაეწიათ. ამ ეტაპზე დისტანციური სწავლების ფორმატში ქვეყნის მასშტაბით 98 პედაგოგი იმყოფება.
ამ ეტაპზეც ვირუსის გამოვლენის შემთხვევებში სკოლებზე წერტილოვანი შეზღუდვები გავრცელდება. ვურისის გამოვლენის შემთხვევაში სკოლები როგორც წესი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი პროტოკოლით იმოქმედებენ.