ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა
კობალაძემ, რომელიც რეგიონებში მისი გეგმიური ვიზიტის ფარგლებში, გურიაში იმყოფება, სახელმწიფო რწმუნებულთან გურიის მხარეში, გიორგი სახოკიასთან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერთან, კონსტანტინე შარაშენიძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე, დავით დარჩიასთან, სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის გურიის სამმართველოს უფროსთან, გელა ბაქანიძესთან და ომისა და თავდაცვის ძალების ადგილობრივ ვეტერანებთან ერთად, საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. შემდეგ კი, კობა კობალაძემ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში, 9 აპრილის ღამეს, საბჭოთა არმიის მიერ, მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევის დროს დაღუპული, 22 წლის ნინო თოიძის საფლავი გვირგვინითა და ყვავილებით შეამკო და სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპული გმირის ხსოვნას პატივი მიაგო.
კობა კობალაძე, სოფელ ლიხაურის ცენტრში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის განყოფილების ორგანიზებით მოწყობილ ფოტოგამოფენაზე იმყოფებოდა, რომელიც 9 აპრილის ტრაგიკულ მოვლენებს მიეძღვნა.
1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მთავრობის სასახლის წინამდებარე ტერიტორიაზე, საბჭოთა არმიამ, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი, ანტი-საბჭოთა, მშვიდობიანი, საპროტესტო დემონსტრაცია დაარბია, რის შედეგადაც, 21 უდანაშაულო ადამიანი, უმეტესწილად, ქალები დაიღუპნენ; დაღუპულთა შორის იყვნენ სკოლის მოსწავლეებიც. ყველაზე უმცროსი, ეკა ბეჟანიშვილი, მხოლოდ 15 წლის იყო.