საქართველოს რაგბის კავშირი გმობს ციხეებში განხორციელებული ძალადობის ფაქტებს და კატეგორიულად მოითხოვს ყველა დამნაშავის სათანადოდ დასჯას.
ამის შესახებ ნათქვამია რაგბის კავშირის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, არასრულწლოვან პატიმართა რეაბილიტაციასა და საზოგადოებაში ინტეგრაციის საქმეში რაგბის კავშირს თავისი წვლილი შეაქვს.
კერძოდ, კავშირი UNICEF-თან ერთად, 2011 წლის აპრილიდან ავჭალის არასრულწლოვანთა დაწესებულებაში ახორციელებს შესაბამის პროექტს.
„ვცდილობდით ჩვენი წვლილი შეგვეტანა ამ ბიჭების სწორ გზაზე დაყენებაში. მათი სარაგბო კლუბებში განაწილებით პასუხისმგელობას ვიღებდით მათ მომავალზე. ამის ფონზე ჩვენთვის კიდევ უფრო ამაზრზენი და შემაძრწუნებელია საპატიმროებში მომხდარი ადამიანის წამების, დამცირების, ღირსების შელახვის ფაქტების ნახვა, მითუმეტეს, რომ აღნიშნულს ადგილი ჰქონდა არასრულწლოვანთა მიმართაც“ - ნათქვამია კავშირის განცხადებაში.

















