მთავრობის სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ
მომზადებული სამი დოკუმენტი - გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის „პარიზის შეთანხმებით” გათვალისწინებული - ,,საქართველოს განახლებული ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილი (NDC)“, საქართველოს კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგია და საქართველოს კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგიის 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმა დამტკიცდა.
„საქართველოს განახლებული ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის” ფარგლებში, ქვეყანა იღებს ვალდებულებას, რომ, 2030 წლისთვის, ეროვნულ დონეზე, სათბურის აირების ემისიების ჯამური მაჩვენებელი, 1990 წელს დაფიქსირებულ მაჩვენებელთან შედარებით, 35%-ით შეამციროს.
საქართველოს კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგია, საქართველოში კლიმატის ცვლილების შესარბილებლად, ადგენს სათბურის აირების (GHGs) ემისიების შემცირების მიზნების მიღწევის გზებს.
სტრატეგიის დოკუმენტი განსაზღვრავს კლიმატის ცვლილების შერბილების სახელმწიფო პოლიტიკას შემდეგ სექტორებში: ენერგიის გენერაცია და გადაცემა, ენერგიის მოხმარება სატრანსპორტო სექტორში, ენერგიის მოხმარება შენობებში, ენერგიის მოხმარება მრეწველობაში და სამრეწველო პროცესები, სოფლის მეურნეობა, ნარჩენების მართვა და სატყეო მეურნეობა.
საქართველოს კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგიის 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმა წარმოადგენს სტრატეგიის ვალდებულების განხორციელების გეგმას და კონკრეტულ ქმედებებს.
აღსანიშნავია, რომ 2017 წლის 7 ივნისიდან, საქართველოსთვის ოფიციალურად ძალაში შევიდა გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის „პარიზის შეთანხმება“. აღნიშნული შეთანხმება კლიმატის ცვლილების მსოფლიო პოლიტიკაში ახალი ეტაპის დასაწყისად ითვლება, რომლის ძირითადი მიზანია კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული რისკების და ეკონომიკის სექტორებზე ნეგატიური ზემოქმედების მნიშვნელოვანი შემცირება, გლობალური საშუალო ტემპერატურის ზრდის 2°C-მდე შეზღუდვით.