გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი
ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელს, იან ჩერნიკს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში ფიტოსანიტარიული შესაძლებლობების გაძლიერების, ვეტერინარიის მიმართულებით განხორციელებული მხარდამჭერი პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
აღინიშნა, რომ, მომავალი წლიდან, საბაკალავრო და სამაგისტრო კურსების ქართველი სტუდენტები განათლების მისაღებად ჩეხეთის რესპუბლიკაში გაემგზავრებიან. პირველ ეტაპზე, ახალციხის უნივერსიტეტის წარჩინებული სტუდენტების ჯგუფი შეირჩევა, რომლებიც ფიტოსანიტარიისა და ვეტერინარიის მიმართულებით განათლებას ჩეხეთის რესპუბლიკის უმაღლეს სასწავლებლებში მიიღებენ.
„ჩვენ უკვე წლებია აქტიურად ვთანამშრომლობთ ჩეხეთის განვითარების სააგენტოსთან. მათი მხარდაჭერით, ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების მიზნით, არაერთი პროექტი განხორციელდა. განათლების მიმართულებით ახალი პროექტიც მნიშვნელოვანი იქნება, რადგან საქართველოში სოფლის მეურნეობა აქტიურად ვითარდება და შესაბამისი კვალიფიციური სპეციალისტების მომზადება აუცილებელია“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სურსათის ეროვნულის სააგენტოს ხელმძღვანელი ზურაბ ჩეკურაშვილი და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.