"გიორგი მაზნიაშვილი ყველაფერზე მაღლა ქვეყნის ინტერესებს აყენებდა, თავისი გმირული
ისტორიით მუდამ სანიმუშოდ დარჩება ყველასთვის, ვისთვისაც სამშობლო უზენაესი ფასეულობაა" - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გენერალ გიორგი მაზნიაშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.
„დღეს დაუმარცხებელ გენერლად წოდებული, საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი მაზნიაშვილის დაბადების დღეა. ჩვენს დიდ მხედრულ ტრადიციებზე აღზრდილმა გენერალმა უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა დამოუკიდებელი საქართველოს ჯარის მშენებლობაში. განსაკუთრებული ორგანიზაციული და სტრატეგიული ნიჭით დაჯილოდებული მეთაური ამავე დროს პირადი მამაცობის, სამშობლოსათვის თავდადების მაგალითი იყო თანამებრძოლებისათვის. იგი იმ ძალზე იშვიათ მხედართმთავართა რიცხვს ეკუთვნის, ვისაც არც ერთი ბრძოლა არ წაუგია.
„მე არც მენშევიკების გენერალი ვარ და არც ბოლშევიკებისა, მე ვარ საქართველოს გენერალი!" - ეს არის სიტყვები ადამიანისა, რომელიც ყველაფერზე მაღლა ქვეყნის ინტერესებს აყენებდა.
თავისი გმირული ცხოვრების ისტორიით იგი მუდამ სანიმუშოდ დარჩება ქართველი მებრძოლებისათვის, ყველასთვის, ვისთვისაც სამშობლო უზენაესი ფასეულობაა,"-წერს ირაკლი ღარიბაშვილი.