საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული
გადაწყვეტილების შესაბამისად, COVID-19-ის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა აქტიური მონიტორინგის მიზნით, კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში: იგოეთში, სამთავისსა და ქვემო ჭალაში დღეიდან საკონტროლო პუნქტები ამოქმედდა. აღნიშნული სოფლების ტერიტორიაზე შემსვლელ და გამომსვლელ მოქალაქეებს ადგილზე უტარდებათ თერმოსკრინინგი, ხოლო საჭიროების შემთხვევაში - ტესტირება.
შიდა ქართლის რეგიონის სამ სოფელსა და კასპის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში შესვლა-გამოსვლა არ იზღუდება და სხვა მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები არ წესდება.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა გამოიჩინონ, ატარონ პირბადე და არსებულ რეგულაციებს დაემორჩილონ.
პოლიციის თანამშრომლები საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დასაცავად სოფელში ინტენსიურად პატრულირებენ.
საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს დაემორჩილოს.