"აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლება თავისუფალი და თანასწორი საზოგადოების შენების
ნაწილია" - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში" წერს.
მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირებს და მათ ოჯახებს გვერდში უნდა დაუდგეს ყველა - ხელისუფლება, საზოგადოება, კერძო სექტორი.
„ასეთი საზოგადოების სიძლიერის უმთავრესი პირობაა თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე, მათ შესაძლებლობათა განვითარებაზე ზრუნვა, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი სრულფასოვანი მონაწილეობის უზრუნველყოფა. ამიტომ, აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირებს და მათ ოჯახებს გვერდით უნდა დაუდგეს ყველა - ხელისუფლება, საზოგადოება, კერძო სექტორი. ერთიანი ძალისხმევით უნდა ვიშრომოთ მათ უფლებათა დასაცავად, თვითრეალიზაციისა და განვითარების პირობათა შესაქმნელად", - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
2 აპრილს აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე აღინიშნება.