საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საბერძნეთის
საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში დიმიტრი კარაბალის უმასპინძლა და მასთან ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების გეგმები განიხილა.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს თავიანთი ქვეყნების გამოცდილება გაუზიარეს – თუ რა ნაბიჯები გადაიდგა Covid-19-ის პანდემიის პირობებში განათლების უწყვეტი პროცესის უზრუნველსაყოფად. მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში მიმდინარეობს და განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჯანდაცვის რეკომენდაციების დაცვა არსებული ეპიდვითარების შესანარჩუნებლად.
მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოსა და საბერძნეთს შორის თანამშრომლობა უმაღლესი განათლების მიმართულებით და ერთობლივი აკადემიური პროგრამების დანერგვის შესაძლებლობებზე იმსჯელეს.
მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ ევროპულ სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციის მიზნით, საქართველო აქტიურად ემზადება ევროკავშირის ახალი პროგრამისთვის “HorizonEurope”. მინისტრის თქმით, შესაძლებელია საბერძნეთის სამეცნიერო წრეებთან ერთად ერთობლივი სამეცნიერო პროექტების წარდგენა და განხორციელება.