უფლებადამცველი ლევან ჩიტაძე მიიჩნევს, რომ ცალკეულმა სტუდენტებმა კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის მოწოდების არასწორი ინტერპრეტაცია მოახდინეს.
როგორც ჩიტაძემ ჟურნალისტებს უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან განუცხადა, პატრიარქს არ მოუწოდებია სტუდენტებისთვის შეეწყვიტათ აქციები. მან მხოლოდ სიმშვიდისაკენ მოუწოდა.
ჩიტაძის თქმით, როგორც უფლებადამცველები, ასევე სტუდენტები თავიდანვე ითხოვდნენ ბაჩო ახალაიას არამხოლოდ გადაყენებას, არამედ პასუხისგებაში მიცემას და ეს მოთხოვნა შესრულებული არ არის.
მისი თქმით, უფლებადამცველები ეხმაურებიან სტუდენტებს და ცდილობენ ისინი პროვოკაციებისგან დაიცვან. როგორც ჩიტაძემ აღნიშნა, დღეს ერთ-ერთი მსგავსი პროვოკაცია უკვე მოხდა პირველი კორპუსის ეზოში, როდესაც თვითმმართველობის წარმომადგენელმა პატრიარქის მისამართით შეურახმყოფელი განცხადება გააკეთა და სტუდენტებს შორის დაპირისპირების გაღვივებას შეეცადა.
ჩიტაძის თქმით, უფლებადამცველების აქცია ფილარმონიასთან 17.00 საათზე განახლდება და მისი მთავარი მოთხოვნა ახალაიასა და სხვა დანარჩენი მინისტების სისხლის სამართლებრივი დასჯა იქნება.

















