თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით, აჭარის მთავრობის სხდომა გაიმართა. სხდომაზე
სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშესაწყობად დაგეგმილი პროგრამები განიხილეს.
თორნიკე რიჟვაძის განცხადებით პროექტები მორგებული იქნება თითოეული სოფლის მცხოვრებლის ინტერესზე და აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში განხორციელდება სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ღონისძიებები.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, აჭარის 316 სოფელში, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, 4 მლნ ლარზე მეტი გამოიყოფა.
გაგრძელდება სოფლის მეურნეობაში ჩართული ფერმერებისთვის სასოფლო-სამეურნეო სახნავ-სათესი ფართობების უსასყიდლოდ დამუშავება. პროგრამა სტარტს აპრილის დასაწყისში აიღებს და 2100 ჰა ფართობი დამუშავდება.
,, აჭარაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებს დამუშავება პროგრამული გახდა და წელსაც უფასოდ დამუშავდება. ეს საშუალებას მისცემს ფერმერებს კიდევ უფრო მეტი დოვლათი შექმნან სოფლად. ასევე, მნიშვნელოვანია ის კონკრეტული პროექტი, რომელსაც ახორციელებს სოფლის მეურნეობის სამინისტრო მელიორაციის კუთხით და ჩვენ ვგეგმავთ, რომ მოვახდინოთ სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაცია მუნიციპალიტეტებში. მობილიზებულია თანხები სოფლის მხარდაჭერის ისეთი მიზნობრივი პროგრამებისთვის, როგორიც გახლავთ სოფლად მეწარმეობის მხარდაჭერა, სოფლად ფერმერული და საოჯახო მეურნეობის მხარდაჭერა" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.
საგრანტო პროგრამის ,,სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის" ფარგლებში, დაფინანსდება 15 პროექტი, საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის ფარგლებში კი 151-მდე პროექტი,
წელს დაიწყება ხელვაჩაურის, ქედის, შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტებში არსებული 22 სამელიორაციო არხების რეკონსტრუქცია.