ტყის ეროვნული აღრიცხვა (ტეა) სატყეო სექტორის რეფორმის შემადგენელი მნიშვნელოვანი
პროცესია, რომელსაც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ერთობლივად ახორციელებენ.
ტყის ეროვნული ინვენტარიზაცია, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებას და დამუშავებას გულისხმობს.
ტყის ეროვნული აღრიცხვის მეთოდოლოგია შემუშავდა ქართველი და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, საქართველოსადა გერმანიის მთავრობებს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში და სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებების გათვალისწინებით.
საველე სამუშაოები და მონაცემთა შეგროვება2018 წელს დაიწყო. დღეისთვის, დაფარულია საქართველოს 7 რეგიონი სრულად და კახეთის ნაწილი; 2021 წელს დაიფარება დარჩენილი 3 რეგიონი - რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, ქვემო ქართლი,კახეთის ნაწილი და თბილისი.
საველე სამუშაოებს წელსაც, ისევე როგორც გასულ წლებში, ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები შეასრულებენ. კომპანიების სპეციალისტები მეთოდოლოგიასთან დაკავშირებულ თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას გაივლიან.
ტყის ეროვნული აღრიცხვის ფარგლებში, ველზე შეგროვებულ მონაცემთა ანალიზის შედეგები 2021 წლის ბოლოსთვის მომზადდება. მიღებული ინფორმაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს სატყეო სექტორში სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და უზრუნველყოფს ტყის რესურსების მდგრად მართვასა და გამოყენებას.
ტყის ეროვნული აღრიცხვა ხორციელდება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით.