სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის თქმით, ის ამბები,
რომელიც ბოლო დღეებში საქართველოში ვრცელდება, დიდი სირცხვილია ერისა და ქვეყნისთვის.
ამის შესახებ პატრიარქმა დღეს სამების საკათედრო ტაძარში აღვლენილი საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, ასეთი რამ სხვა ქვეყნებშიც ხდება, მაგრამ ხელისუფლებას და ხალხს ეს სამარცხვინო მოქმედება საქვეყნოდ არ გამოაქვს და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მსგავსი რამ არ მოხდეს და არ განმეორდეს.
უწმინდესმა მრევლს მიმართა და აღნიშნა, რომ იმ ვითრებას, რაც ამჟამად ქვეყანაშია, საქართველოსა და ადამიანების დასამცირებლად ნუ გამოიყენებენ.
„ამ არაჯანსაღი მდგომარეობით სარგებლობენ ზოგიერთები და უნდათ, რომ არასტაბილური მდგომარეობა შემოიტანონ საქართველოში. ეს ყოვლად დაუშვებელია“ - ბრძანა უწმინდესმა.
მისივე თქმით, საპარლამენტო არჩევნებამდე დაახლოებით ერთი კვირაა დარჩენილი და ჩვენ ყველაფერი უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ ამ დღემდე მშვიდობიანად მივიდეთ.
როგორც უწმინდესმა აღნიშნა, არჩევნები არ უნდა გაყალბდეს და ყველას შეეძლოს თავისი აზრის თავისუფლად დაფიქსირება.
„ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს არჩევნები არ იყოს გაყალბებული და ადამიანებმა გამოთქვან ის აზრი თავისუფლად, რომელიც მათ გააჩნიათ და არავითარ შემთხვევაში, შიშის ქვეშ არ უნდა იყოს არცერთი მოქალაქე. რომელსაც ისინი ფიქრობენ, ის რიცხვი უნდა შემოხაზონ“ - აღნიშნა უწმინდესმა.

















