ფილარმონიის ერთ-ერთ შესასვლელთან დაძაბული სიტუაცია შეიქმნა იმის გამო, რომ ათზე მეტმა ადამიანმა, რომელმაც მიუზიკლზე - „ვერის უბნის მელოდიები“
დასწრება აღარ ისურვა ბილეთების დაბრუნება და თანხის უკან მიღება მოითხოვა.
როგორც მოქალაქეები აცხადებენ, მათ ბილეთები ორი კვირით ადრე ჰქონდათ შეძენილი და წარმოდგენის დაწყებამდე ერთი საათით ადრე ბილეთების უკან დასაბრუნებლად მივიდნენ.
მათი განცხადებით, შექმნილ სიტუაციაში, იმ ფონზე, როცა ფილარმონიასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, მიუზიკლზე დასწრება სირცხვილია.
მათი თქმით, მათი სურვილი აღნიშნული ქმედებით მოსახლეობის ერთიანი პოზიციის გაზიარებაა.
აღნიშნულ პირებსა და ფილარმონიის დაცვის წევრებს შორის დაპირისპირება იმის გამო მოხდა, რომ მოქალაქეების მოთხოვნის მიუხედავად, მათთან ფილარმონიის ადმინისტრაციის წარმომადგენელი არ მივიდა, რომელიც ბილეთების დაბრუნებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებდა.
ცოტა ხნის წინ მათთან ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი ჩავიდა, რომელმაც მოქალაქეები ფილარმონიაში ხვალ 16:00 საათისთვის დაიბარა.
მოქალაქეები ფილარმონიის უკანა შესასვლელიდან გარეთ გამოუშვეს და შესასვლელი კარი ჩაკეტეს.

















