განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ჯანდაცვის
სამინისტროს მიერ ერთობლივად შემუშავებული პროტოკოლის საფუძველზე, თბილისის და რეგიონების საჯარო და კერძო სკოლებში, მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის სავალდებულო სისტემური ტესტირება გრძელდება.
სავალდებულო ტესტირების ფარგლებში, ინფექციური პათოლოგიის ცენტრის თანამშრომლები თბილისის 150-ე საჯარო სკოლას მესამედ ესტუმრნენ და მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის ტესტირება ჩაატარეს.
150-ე საჯარო სკოლაში ამ დრომდე ჩატარებული სამი ტესტირებიდან ვირუსის შემთხვევა არ გამოვლენილა, რაც იმას ნიშნავს, რომ 15 მარტს საგაზაფხულო არდადეგებიდან დაბრუნებული 900-ზე მეტი მოსწავლე სასწავლო პროცესს უსაფრთხო გარემოში დაიწყებს.
ტესტირების პროცესის ჩასატარებლად ინფექციური პათოლოგიის ცენტრის თანამშრომლები 150-ე საჯარო სკოლაში ზუსტად ორი კვირის შემდეგ – 26 მარტს მივლენ და კიდევ ერთხელ შეამოწმებენ მასწავლებლებსა და ტექნიკურ პერსონალს: სკოლის დირექტორსა და მოადგილეებს, საქმისმწარმოებელს, ბუღალტერს, დარაჯს, დამლაგებლებს და ა.შ.
მთელი ქვეყნის მასშტაბით, საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებელთა და ადმინისტრაციული პერსონალის ტესტირების პროცესს სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს.