გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ ბიომრავალფეროვნებისა და
ტყის საკითხებზე პარტნიორ ორგანიზაციებთან ონლაინ შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გახსნა.
მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) და ევროკავშირს მხარდაჭერისთვის, ასევე, ბიომრავალფეროვნების ფინანსირების ინსტიტუტს (BIOFIN) შეხვედრის ორგანიზებისთვის და ყურადღება ქვეყანაში გარემოს დაცვისა და კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა.
„ბიომრავალფეროვნების, ტყის და ველური ბუნების, ასევე, სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარება, სახელმწიფოს პრიორიტეტულ მიმართულებებს წარმოადგენს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია კლიმატის ცვლილების შერბილებისა და რესურსების ჭარბი მოხმარების შემცირების საკითხების ეფექტიანი უზრუნველყოფა, სადაც დონორი და პარტნიორი ორგანიზაციების ჩართულობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ვფიქრობ, აღნიშნულ საკითხებზე ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ სამაგალითო თანამშრომლობას“, - განაცხადა იური ნოზაძემ.
შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ ქვეყანაში ენერგოეფექტურობის ახალი ტექნოლოგიების დანერგვის და ველური ბუნების სწორი მართვის მნიშვნელობის საკითხებზე ისაუბრა და ყურადღება მუნიციპალიტეტებში მწვანე ნარგაობათა სწორი მართვის, მდგრადი ურბანული დაგეგმვისა და ქალაქების ურბანული ბიომრავალფეროვნების მიმართულებით შესამუშავებელი ერთიანი სტანდარტის მნიშვნელობაზე გაამახვილა.
საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის, ლუიზა ვინტონის განცხადებით, თვალსაჩინოა ქვეყანაში გარემოსდაცვითი და კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის განვითარების ტენდენციები. ლუიზა ვინტონიმ სამომავლო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.
შეხვედრაზე, სამომავლო თანამშრომლობის და ფინანსური მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, სამინისტროს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებმა 10 საპროექტო კონცეფცია წარმოადგინეს. აღნიშნული საპროექტო წინადადებები დაცული ტერიტორიების, საჯარო სექტორში ენერგოეფექტური ინფრასტრუქტურის, სატყეო სექტორის, ეკოტურიზმის და სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების საკითხებს ეხებოდა.